ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში, რომელიც 28 ნოემბრითაა დათარიღებული, PACE აღნიშნავს, რომ არჩევნების დღეს მათი დამკვირვებლების მანქანა 40-მდე “კუნთმაგარმა” პირმა დააზიანა – ავტომობილს საბურავები გაუხვრიტა და მანქანა დააჯახა.
PACE-ის ანგარიშში საუბარია სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე, რომლებმაც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებით, “მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და ეჭვქვეშ დააყენა მისი შედეგების ლეგიტიმურობა”.
ანგარიშის თანახმად, ეს დარღვევებია:
· ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო უბნების მეოთხედზე დააფიქსირეს
· სახელმწიფო ინსტიტუტების პოლარიზება – კითხვის ნიშნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით
· არათანაბარი სათამაშო პირობები – მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
· დაშინებისა და ზეწოლის ფართოდ გავრცელებული კლიმატი – როგორც ამომრჩევლებზე, ასევე აქტივისტებზე
· კონტროლირებადი გარემო – “დიდი ძმა გიყურებს” ატმოსფერო, რაც შექმნა ქართული ოცნების მიერ საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების დამონტაჟებამ
· დემოკრატიული უკუსვლა – რაც გამოიწვია ბოლო დროს მიღებულმა კანონმდებლობებმა, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას
ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა “მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოავლინოს ძლიერი და ჭეშმარიტი პოლიტიკური ნება არჩევნებზე დაკვირვების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად”.