„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი კოორდინირებულია გარკვეული ძალების მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, გარკვეული „გარე ძალების“ ინტერესშია, რომ საარჩევნო ბარიერი მესამე პარტიამაც გადალახოს, სადაც მისივე მოსაზრებით, კონკრეტული სუბიექტები გაერთიანდებიან „ლელოს“, გახარიას, სალომე ზურაბიშვილის, ნინო ლომჯარიას და ნიკა მელიას სახით.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი ერთი მხრივ, მიუთითებს კრიზისზე, რომელიც ამ პარტიაშია, მაგრამ საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ დაშლის პროცესი ასევე კოორდინირებულია გარკვეული ძალების მხრიდან და გეგმაა ასეთი, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ბარიერი გადალახოს კიდევ ერთმა „ნაცურმა“ პოლიტიკურმა ძალამ, ოღონდ არ უნდა ერქვას მას „ნაციონალური მოძრაობა“. აქ მოიაზრებენ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის: „ლელო“, გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ლომჯარია და ამას ემატება უკვე მელია. ეს გეგმა იკვრება, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ბარიერი რომ გადალახოს ამ სუბიექტმა, ამაზე მუშაობენ ვიღაცები. იმედი აქვთ 6-7 პროცენტს აიღებენ და არა მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია შევა პარლამენტში, ამას დაემატება მეორე პოლიტიკური პარტია, მაგრამ მე მეეჭვება „ნაცმოძრაობის“ მეორე ფრონტმა შეძლოს ბარიერის გადალახვა.
რეალურად, კეზერაშვილი ხარჯავს ფულს „ნაცმოძრაობაში“ და ბუნებრივია, ის წარმართავს პროცესებს. თუმცა, მთავარი ის არის, კეზერაშვილს ვინ მართავს? როცა ვამბობ, რომ კოორდინირებულია „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი, ეს არის კრიზისის გამოხატულება, მაგრამ თან კოორდინირებულია დაშლის პროცესი. ის, რომ კეზერაშვილმა თავის დროზე ხაბეიშვილი დანიშნა თავმჯდომარედ, ესეც მიუთითებს კოორდინაციაზე, რომელიც ამ პროცესის გარშემო შეინიშნება. ვიღაცების ინტერესებშია, რომ დაბლა დაიწიოს „ნაცმოძრაობის“ პროცენტმა, რომ მესამე პარტიამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა,“ – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე პასუხად, ვინ არიან ვიღაცები, კობახიძე „გარე ძალებზე“ საუბრობს.
„არიან გარკვეული გარე ძალები, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ და ამის სანაცვლოდ უწევს კეზერაშვილს ფულის დახარჯვა. დარწმუნებული ვარ, მას საერთოდ არ სიამოვნებს ფულის ხარჯვა საქართველოში, ურჩევნია მეტი ფული აკეთოს და თავისთვის დაიტოვოს, მაგრამ უწევს ფულის ხარჯვა სწორედ ამ გარანტიების სანაცვლოდ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ამ ძალების მიერ არის კოორდინირებული,“ – განაცხადა კობახიძემ.