პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება. ეს პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში თქვა და აღნიშნა, დოკუმენტები უახლოეს პერიოდში მზად იქნება.
“მზად ვარ, რომ ჩემი როლი, როგორც პრეზიდენტის, რომელიც არ ტოვებს თავის ლეგიტიმაციას და თავის როლს, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენელი და სტაბილურობის ერთგვარი ვექტორი და რომელიც ასევე იქნება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მუდმივ კავშირში. მე ყოველდღე ვარ მათთან კავშირში და ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა ხდება და რამდენად საჭიროა, ერთი ინსტიტუცია მაინც დარჩეს ამ ქვეყანაში, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ყველანაირი შემდეგი ეტაპების მედიატორი.
შეიქმნება საბჭო, რომ ვმართოთ მთელი ეს პერიოდი. ამ საბჭოს მანდატი იქნება ერთადერთი: ეს იქნება ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ხვალ ალბათ იქნება მზად დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობას, რომელიც მინიმალურია იმისთვის, რომ არჩევნები ძალიან მალე ჩატარდეს. მერე იქნება მუშაობა იმისთვის, რომ ყველა შესაძლო მიმართულებით მოვითხოვოთ და ჩვენ თვითონაც ვიყოთ მზად, რადგან ეს ახალი არჩევნები იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები, ალბათ გამოჩნდებიან ახალი ძალები. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”- თქვა ზურაბიშვილმა.