აშშ-ის საჰაერო ძალებმა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ფართომასშტაბიანი გაჟონვისთვის დისციპლინური სასჯელი დააკისრა 15 სამხედრო მოსამსახურეს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სხვა საკითხებთან ერთად, გაჟონილი დოკუმენტები უკავშირდება უკრაინის ომსაც.
სამხედრო-საჰაერო ძალების ინსპექტორის გამოძიების შედეგების თანახმად, გაჟონვის ერთადერთ ორგანიზატორად რჩება მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრი ჯეკ ტეიშეირი, რომელსაც ივნისში წარუდგინეს სისხლის სამართლის ბრალდება.
თუმცა ინსპექტირებამ დაადგინა, რომ ტეიშეირის დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა არ მიიღეს საჭირო ზომები გაჟონვის თავიდან ასაცილებლად – იმ ბაზის ხელმძღვანელობამ, სადაც ტეიშეირი მსახურობდა, არ გამოავლინა საჭირო სიფხიზლე და არ მიიღო საჭირო ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს და თანამდებობიდან გადააყენეს იმ სადაზვერვო ესკადრილიის მეთაური, სადაც ჯერ ტეიშეირი მსახურობდა. ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრა ასევე სადაზვერვო ჯგუფის მეთაურს. გარდა ამისა, აშშ-ის საჰაერო ძალების დეპარტამენტმა შეცვალა საიდუმლო მონაცემებზე წვდომის წესები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის და აშშ-ის რეპუტაციისთვისაც საზიანო უწოდა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას. ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ პირადად მას მასალების გაჟონვის საკითხი თეთრ სახლთან არ განუხილავს.
შეკითხვას, გამოიწვია თუ არა საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ დაძაბულობა და ნდობის დაკარგვა უკრაინასა და აშშ-ს შორის, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპასუხა, რომ მისი პირადი გრძნობები არ ღირს იმად, რომ სახელმწიფო რისკის ქვეშ დააყენოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას რომ პუტინის წინააღმდეგ პირადი ომი ჰქონდეს და ბრძოლის ველზე მხოლოდ ორნი იყვნენ, ყველას ყველაფერს ღიად ეტყოდა, მაგრამ სიტუაცია სხვაგვარია და შესაბამისი პასუხისმგებლობა მართებთ.