ქართულმა რაგბმა 2024 წლის საანგარიშო ყრილობაზე წარმატებული წელი შეაფასა. კლუბების წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებს, რომელმაც 2022 წლიდან დღემდე ტიერ1-ის ქვეყნებთან სამი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (იტალიასთან, უელსთან და იაპონიასთან) და სარაგბო გრანდებს თამაშის ხარისხით მაქსიმალურად დაუახლოვდა.
თავის მხრივ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა კლუბებს, რომელთა ჩართულობის გარეშე ბორჯღალოსნებს აღნიშნული წარმატება ვერ ექნებოდა. ასევე აღინიშნა ამ წარმატებაში სახელმწიფოს, “ქართუ ჯგუფის” და ქართული რაგბის მეგობარი კომპანიების როლი.
“ქართულმა რაგბმა, ჩვენმა ტრადიციულმა თამაშმა ლელო-ბურთმა მთელს მსოფლიოს დაანახა ქართული
გენეტიკის ძალა. ისტორიულად ყოველთვის ასე იყო, ჩვენს პატარა და ამაყ ერს გამუდმებით უწევდა დიდ ქვეყნებთან, იმპერიებთან ბრძოლა და ხშირ შემთხვევაში ერთიანობითა და თავდადებით აღწევდა გამარჯვებას. სამი ისტორიული გამარჯვებით, ჩვენ მთელს მსოფლიოს დავანახეთ ქართული სული და ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს მსოფლიო რაგბის მწვერვალებთან” – აღნიშნა იოსებ ტყემალაძემ.
საქართველოს რაგბის კავშირის 2024 წლის შემაჯამებელი საერთო კრება 22 დეკემბერს “ავჭალის” სარაგბო სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ, დამსწრეებს 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარეს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი თამარ მამაგულაშვილი, რომელმაც სარაგბო ოჯახში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია თავად მოისმინა.
გასული წლის შეფასებისას დიდი ყურადღება დაეთმო დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2023 წელს რაგბის კავშირს “ქართუსგან” 14 სარაგბო ბაზა გადაეცა, რომელთაც გასული წლის განმავლობაში ჩაუტარდათ რეაბილიტაცია: განახლდა და შეიცვალა როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნურსაფარიანი მოედნები; მოეწყო ან განახლდა სატრენაჟორო დარბაზები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა გასახდელებს და შენობებს; მოეწყო რეკრეაციული სივრცე.
დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. სარაგბო ბაზების მოწყობა მიმდინარეობს ჩაქვში, ქობულეთში, შუახევში და წყალტუბოში; განათლების სამინისტრო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს ამბროლაურში, ლენტეხში, სურამში, ვარკეთილში, კისისხევსა და ავჭალაში; საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მომდევნო სამი წლის განმავლობაში იგეგმება ყაზბეგის, საგარეჯოს, ხაშურის, თბილისის ზღვის, რუსთავის, ზესტაფონის, ვარკეთილის მეურნეობის, ოზურგეთის, გურჯაანის, მესტიის, ჭიათურა/საჩხერის, ბოლნისის და დედოფლისწყაროს სარაგბო ინფრასტრუქტურის მშენებლობა; რაგბის კავშირი საკუთარი შემოსავლებით ეტაპობრივად გეგმავს “ვისოლის”, ქუთაისის და მარტყოფის სარაგბო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ასევე “ავჭალის” სტადიონზე დამატებითი ტრიბუნის მოწყობას. მიმდინარეობს უნივერსიტეტის ქუჩასა და ლისის ტბის სარაგბო ინფრასტრუქტურის პოტენციალის ანალიზი; სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, რაგბის კავშირს საკუთრებაში გადაეცა ვარკეთილის მეურნეობის, არმაზის სტადიონის, ვისოლის, მარტყოფის, ხაშურის და თბილისის ზღვის მოედნის მიწის ნაკვეთები.
კლუბების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია მოთამაშეთა კეთილდღეობისა და სოციალური პროექტების შესახებ, როგორიცაა 18-წლამდე მორაგბეთა სავალდებულო დაზღვევა, თამაშის დღის განახლებული სამედიცინო რეგულაციები, დაინერგა ტრავმების მონიტორინგის ახალი ტექნოლოგიები, ამუშავდა პროექტი განსაკუთრებულად რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის, მსოფლიო რაგბის პირველი და მეორე დონის სასერთიფიკაციო პროგრამით გადამზადდა 100-მდე სპეციალისტი.
რაგბის კავშირი განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროექტს “ჩაერთე რაგბიში”, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 11 რეგიონის 150 სკოლა. მისი მიზანია რაგბის განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდა გოგონებსა და ბიჭებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
2024 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, კლუბები ფინანსურად წახალისდებიან საბავშვო რაგბში გაწეული შრომისთვის. კლუბები მიიღებენ დამატებით დაფინანსებას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დაგროვილი ქულების შესაბამისად. პროექტის ბიუჯეტი 2025 წლისთვის შეადგენს 1,1 მილიონ ლარს და მომავალში იგეგმება დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა.
ამუშავდა საკლუბო აკადემიების სისტემა. აკადემიისთვის საჭირო კრიტერიუმები ქვეყნის მასშტაბით 4-მა კლუბმა დააკმაყოფილა. აკადემიების მაღალი ხარისხით ფუნქციონირებისთვის, რაგბის კავშირმა განახორციელა დამატებითი ფინანსების მობილიზება. პერიოდულად განხორციელდება არსებული აკადემიების საქმიანობის შეფასება და ახალი აკადემიებისთვის სტატუსის მინიჭების მზადყოფნის მონიტორინგი.
ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა ქართველი მსაჯების წარმომადგენლობა საერთაშორისო ასპარეზზე, მოხდა წესების ცვლილება, რამაც განაპირობა სათამაშო დროის და ხარისხის ზრდა. ბათუმში შეიქმნა სამსაჯო განვითარების რეგიონალური ფილიალი. განხორციელდა მსაჯების უახლესი აპარატურით აღჭურვა.
გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა სანაკრებო მატჩებზე გულშემატკივრის დასწრებისა და შემოსავლების მაჩვენებლები. გულშემატკივრებისთვის შეიქმნა სათამაშო დღის გარემო გასართობი ღონისძიებებით და მოთამაშეების გაცნობის შესაძლებლობით.
გასული წლის ანგარიშის შემდეგ საერთო კრების წარმომადგენლებს წარედგინათ 2025 წლის ბიუჯეტი, რომელიც ერთხმად იქნა დამტკიცებული. მისი პრიორიტეტებია ადგილობრივი კლუბების დაფინანსება, შიდა ჩემპიონატების განვითარება და ბავშვთა რაგბის ხელშეწყობა.
ხაზი გაესვა სხვადასხვა ასაკობრივი თუ ფორმაციის ნაკრებების წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიცაა: 7-კაცა ნაკრების ჩართვა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიებში; 18-წლამდელთა ნაკრების ჩართვა ექვსი ერის ფესტივალში; 20-წლამდელების მაღალი დონის ტესტ-მატჩებს ზამთარსა და გაზაფხულზე; ეროვნული ნაკრების გამარჯვებებს ტიერ1 ქვეყნებთან; მნიშვნელოვნად შემცირდა სხვაობა საქართველოსა და ტიერ1-ის გუნდებს შორის; ‘შავი ლომის’ წარმატებებს ჩელენჯ თასსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე. უახლოეს პერიოდში ქართული რაგბის მთავარ სამიზნეებად რჩება 20-წლამდელთა და ეროვნული ნაკრებების ჩართვა ექვს ერში; ‘შავი ლომის’ ჩართვა რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და იმსჯელეს კლუბების თანადაფინანსების პროცენტის შეჯერებაზე, კლუბებისთვის სპონსორების მოზიდვის ხელშეწყობაზე, ტრანსფერებიდან მისაღებ კომპენსაციებზე, სახელფასო ზღვარის დაწესების შესაძლებლობაზე. განიხილეს რაგბის კლუბ ‘ბაგრატთან’ დაკავშირებული საკითხი და მოხდა შეთანხმება, რომ ის გახდება რიგგარეშე ყრილობის მსჯელობის საგანი, რასთან დაკავშირებითაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.
ქართული რაგბი ყველა მის წევრს, მორაგბეს, გულშემატკივარს და მთელს ქვეყანას ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ წელიწადს. რაგბი ჩვენი თამაშია! ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!
წყარო: Rugby.ge