“როდესაც “კვარას” ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის” – გარსიამ “პარტენოპეიში” გატარებული პერიოდი გაიხსენა
“ნაპოლის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ, Carre-სთან ინტერვიუში “პარტენოპეიში” გატარებული პერიოდი გაიხსენა.
ფრანგის თქმით, მას კლუბში უამრავი პრობლემა დახვდა, რასთან გამკლავებაც მარტივი არ ყოფილა.
“როდესაც გუნდში მოვედი, თითქმის ყველას წასვლა უნდოდა და ხელფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ასეთ დროს კი ფეხბურთელების მოტივირება მარტივი საქმე არ არის. როდესაც ჯუნტოლი წავიდა, სრულიად მარტო დავრჩი და გვერდით არავინ მყავდა ისეთი, ვინც დახმარებას გამიწევდა იმ მომენტში მაინც, როცა კვარაცხელია და ოსიმენი შეცვლების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
დე ლაურენტისი? ამ ადამიანს ფეხბურთის არაფერი ესმის.
ერთხელ მითხრა, რომ ერთ მოთამაშეს მოედანზე 45 წუთი უნდა გაეტარებინა და მეორე ტაიმში შანსი სხვა ფეხბურთელებისთვის მიმეცა. ვუთხარი, რომ უკვე 60 წლის ვიყავი და ასეთ საკითხს თავად გადავწყვეტდი. ამ ადამიანს ფილმებისგან განსხვავებით, ფეხბურთის არაფერი გაეგება”, – განაცხადა გარსიამ.
შეგახსენებთ, ფრანგმა სპეციალისტმა “ნაპოლიში” 2023 წელს ლუჩანო სპალეტი შეცვალა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.