სს „პონტუსი“, რომელიც გონიოში ხუთვარსკვლავიანი კურორტის Pontus Rotana Resort & Spa Gonio-ს განვითარებას ახორციელებს, მშენებლობის დაწყებას თბილისშიც გეგმავს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, „პონტუსი“ დედაქალაქის გარდა პროექტების განხორციელებას საქართველოს ზამთრის კურორტებზეც აპირებს.
ცნობისთვის, 2023-2024 წლებში საქართველოში არსებული კომპანიების ათეულში, სადაც ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია ჩაიდო სს „პონტუსიც“ მოხვდა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რას წარმოადგენს საქართველოში უმსხვილესი რუსული ინვესტორი კომპანია. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ოპერატორმა Rotana-მ Pontus Capital-თან Pontus Rotana Resort & Spa Gonio-ს მშენებლობაზე ხელშეკრულება გასულ წელს გააფორმა. კომპანიის ინფორმაციით, საქართველოში ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Rotana-ს ბრენდის ქვეშ.
ძვირადღირებული კურორტის სამშენებლო ნაწილის დასრულება მომავალი წლის ბოლოს იგეგმება, ხოლო პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 71 მლნ დოლარია.
„ბათუმი მართლაც ყველა სეზონის ქალაქია მომხიბლავი ბუნებრივი სილამაზით. ქართულ კულტურასა და ენას ღრმა კავშირები აქვს არაბულ სამყაროსთან, რაც ბუნებრივს ხდის ჩვენს პარტნიორობას Rotana-სთან“, – განაცხადა ხელმოწერის შემდეგ Pontus Capital-ის მმართველმა დირექტორმა ირაკლი ვარშალომიძემ.
ახალი სასტუმრო, რომელიც მფლობელების შეფასებით, ტრადიციულ არქიტექტურასა და თანამედროვე სტილს აერთიანებს, 550 ნომერს მოიცავს. პროექტი ითვალისწინებს ასევე კერძო პლაჟს, რესტორნებს, სპა-ს, დახურულ და გარე აუზებს, ჯანმრთელობისა და ფიტნეს ცენტრს და ბავშვთა ინტერაქტიულ სათამაშო ზონას.
„მოდური არქიტექტურის, მრავალფეროვანი რესტორნითა და ზღვისპირა რეზიდენციებით, Pontus Rotana Resort & Spa-ს სტუმრები შეიგრძნობენ ჩვენს საფირმო პრინციპს „ძვირფასი დრო“, – თქვა გაი ჰაჩინსონმა, Rotana-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
სს „პონტუს“ დირექტორი ნათია ვარშალომიძეა, რეესტრის ბოლო მონაცემებით კომპანიის განთავსებული კაპიტალი 95 მლნ ლარამდეა.