სასათბურე მეურნეობა „გრინარეა“ობიექტის გაფართოებას და მომავალი წლის გაზაფხულიდან, სასწავლო პროგრამების ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ობიექტის დამფუძნებელმა, ნინო ხარხელაურმა ისაუბრა.
“გრინარეას” ორი სათბური აქვს, ერთი თბილისში, სოფელ დიღომში მდებარეობს, სადაც გამოყვანილ მცენარეებს როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე ყიდიან. მეორე კი – მარნეულში.
„მარნეულში გვაქვს მიწის ნაკვეთი, სადაც სათბური გავაკეთეთ და იქ გაფართოებას ვფიქრობთ, რადგან გვგონია, რომ ობიექტს განვითარების პერსპექტივა აქვს. გვინდა, საბაღე ცენტრი გავაკეთოთ. ინვესტიცია ამ ობიექტის სრულყოფისთვის, დაახლოებით 50 000 დოლარია. ასევე, გვინდა ონლაინ გაყიდვებიც გავზარდოთ“, – განაცხადა ობიექტის დამფუძნებელმა.
ნინო ხარხელაურის თქმით, „გრინარეა“ პროფესიული უნარების სააგენტოსთან ერთად ნახევრად დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებს ახორციელებს. თუმცა, მოთხოვნიდან გამომდინარე, ობიექტი საკუთარი ფასიანი პროგრამების გახსნას გეგმავს, რომელშიც სხვადასხვა მიმართულებების შესწავლა იქნება შესაძლებელი.
“რამდენიმე კურსი გვინდა გავაკეთოთ. რომლის თვიური ღირებულება სადღაც 500 ლარი იქნება. ერთ კურსზე 20 ადამიანი მაინც გვეყოლება. კურსები იქნება ბაღის მოვლაზე, ურბანულ მეურნეობაზე და ლანდშაფტის დიზაინზე“, – განაცხადა ნინო ხარხელაურმა.
სასათბურე მეურნეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მათ ბიზნესზე ძალიან იმოქმედა და მეტიც, ამ დროისათვის გაყიდვა სრულად აქვთ შეჩერებული. ხარხელაური დასძენს, რომ მათი განვითარების ყველა ეტაპი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.