ქვეყანაში სამომხმარებლო აქტივობა მცირდება, რითეილ სექტორში გაყიდვების მკვეთრ ვარდნაზე საუბრობენ. სავაჭრო ცენტრების, ტექნიკის მაღაზიების და ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების ნაწილი აცხადებს, რომ დეკემბრის გაყიდვების გეგმების დაკორექტირება მოუწიათ და ის გათვლა, რაც წლის ყველაზე შემოსავლიან თვეზე კეთდებოდა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მიუღწეველი გახდა.
მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზე საუბრობენ ტექნიკის მაღაზიებიც, მათთვისაც დეკემბერი წლის ყველაზე შემოსავლიანი თვეა, თუმცა გაყიდვების ტემპი აქაც შენელდა. ISPACE-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მომხმარებლები საახალწლო შესყიდვებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. ლევან თაღიაშვილის თქმით, თუ ეს პროცესები გაგრძელდა, უფრო მეტად, თუ რა ეფექტი ჰქონდა მიმდინარე პროცესებს 2025 წელს გამოჩნდება.
“ბუნებრივია, რაც ეს პროცესები დაიწყო, შემცირებულია მომხმარებლების ტრაფიკი, მათ შორის მოთხოვნაც, გაყიდვებიც, პროტესტის პირველივე დღიდან შეჩერებული გვაქვს ყველანაირი კომუნიკაცია და ბუნებრივია, ამასაც თავისი გავლენა ჰქონდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმების ნაწილს, ვინაიდან დეკემბერია და საახალწლო პერიოდია, აქტივობა მაინც არის, მაგრამ 2025 წელს საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს, გვინდა ახალი შოუ-რუმის გახსნა და ალბათ, თუ პროცესები გაგრძელდა უფრო მეტად გამოჩნდება, 2025 წელს რა ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ტექნიკის მაღაზია, IT გადაწყვეტასაც ვთავაზობთ ჩვენს B2B მომხმარებლებს. საქსტატის მონაცემებით, ეს სექტორი დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული და ფაქტობრივად, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ მიმართულებით თითქმის იდენტური მონაცემები ფიქსირდება ჩვენTანაც”, – ამბობს ISPACE-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ლევან თაღიაშვილი.