აზიური სწრაფი კვების ობიექტი Wok-შია მომავალ წელს მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ობიექტის დამფუძნებელმა, მიხეილ ჩხენკელმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ობიექტი ორ წელზე მეტია საბურთალოზე წარმატებით ოპერირებს და ონლაინ შეკვეთის სერვისი აქვს. მეორე ახალი ობიექტის გახსნა კი ნაძალადევშია დაგეგმილი.
მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ აზიურ კერძებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ბევრი მათი კონკურენტი ობიექტია გახსნილი.
„ვგეგმავ მეორე, უფრო დიდი ფილიალის გახსნას, რომელიც წესით წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა 2025 წლის პირველ ნახევარში გადაიდო. ლოკაცია ცოტნე დადიანის 34 იქნება. მისმა ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ დაახლოებით 50 000 ლარი შეადგინა და მაქსიმალური დატვირთვით, დღეში 300-500 ადამიანის გამოკვებას შევძლებთ.
ახალი ობიექტი პირველი ფილიალის მსგავსად დასაჯდომ სივრცეს არ მოიცავს. ადგილიდან მხოლოდ პროდუქციის გატანა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ჩხენკელმა.
რაც შეეხება დასაქმებულებს, მისივე თქმით, საწყის ეტაპზე, მეორე ფილიალში რამდენიმე ადამიანის აყვანას აპირებს, თუმცა მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში კადრების დამატებაც იგეგმება.