„დარწმუნებული ვარ, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ევროპასთან ურთიერთობის გაგრძელებისთვის.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საკმაოდ დიდ კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას. ბიზნესისთვის კი ეს ნიშნავს სტაბილურობას, სტაბილურ ბაზარს, სადაც არ არის საფრთხეები. იმ ბიზნესებისთვის, ვინც ხარისხიან და ერთგვაროვან პროდუქციას აწარმოებს, ამ ბაზარზე თავის დამკვიდრების საშუალება ექნებათ“, – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ „კომერსანტთან“ განაცხადა.
„ბიზნესს წრეები მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავანახოთ ევროპას ჩვენი მზაობა და სურვილი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე. მზად ვართ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ექსპორტ-იმპორტი ევროპასთან.
დაახლოებით 6 წელზე მეტია, რაც საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობა არის თავისუფალი. ექსპორტირებული პროდუქცია არ იბეგრება და ეს ძალიან კარგი სტარტია ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ევროპული კომპანია შემოვიყვანოთ საქართველოში და რა თქმა უნდა, ქართველმა მეწარმეებმაც ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გაიტანონ ევროპულ ბაზარზე.
ბევრი ჩვენი მოქალაქე წასულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და იქ კარგად ხედავს თუ როგორი მოწესრიგებულია ყველაფერი და არსებობს ხარისხის გარანტიები. ამიტომ ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება იმისთვის, რომ ის მოქალაქეები ქვეყანაში დავაბრუნოთ და მათ აქ მიიღონ ის კეთილდღეობა, რომლისთვისაც უწევთ შრომა საზღვარგარეთ“, – აღნიშნა ივა ჭყონიამ.
