ვახო სანაია: ქალების ,,ხორუმის რევოლუცია”. შენ თუ ურტყი, მოწამლე, დაიჭირე, შეურაცხყოფა მიაყენე და მეორე დღეს გამოვიდა და იმავე ადგილზე იცეკვა, რანაირად უნდა გატეხო?!

“არ მიყვარს პათეტიკა. ვეცდები, ეს სტატუსი მისგან სრულად დავცალო, მაგრამ თავისით ბუნებრივად მოდის რაღაც აღმატებული გრძნობები. აქვე წინასწარ გაფრთხილებთ, აბდაუბდა ტექსტია 😂
საქართველოს რენესანსის დღეები უდგას. ისეთი შეგრძნება მაქვს, რაღაც გაწყვეტილი ძაფები იბმება წარსულთან. სულ ვფიქრობ ეს თვეებია, როგორი ხალხი ვიყავით სინამდვილეში. აი, სულ, სულ ადრე. რანაირი კაცები და ქალები გვყავდა, მაგალითად, ,,ვეფხისტყაოსნის ეპოქაში”, რითი ჰგვანან ახლანდელი ქართველები. რატომღაც აზრები პირდაპირ იმ ეპოქისკენ გამირბის. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ მივაღწიეთ მწვერვალებს და ყველაზე მეტად გამოვავლინეთ ჩვენი შესაძლებლობები. ისეთი შეგრძნება მაქვს, სადღაც მაგ ძაფებს უნდა მივუერთდეთ იმით, რასაც ახლა ვაკეთებთ. გრანდიოზული ამოცანაა.
აქციებზე უშიშარ გოგოებს ვხედავ. ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს – სამსახური, კლუბები, თეატრი, კინო, შვილების აღზრდა, მშობლებზე ზრუნვა. ყველას თავისებურად აცვია. ზოგს ჰკიდია, რა აცვია, ზოგიც გამოწკეპილი დადის აქციებზე. ზოგი მაკიაჟით, ზოგი უმაკიაჟოდ. სიგარეტით, სიგარეტის გარეშე. ვიღაც წყნარად დგას, ვიღაც უყვირის რობოკოპებს.
და უცებ ეს გოგოები, რომლებიც ხუმრობენ, სლენგზე ლაპარაკობენ, რაღაც სიტყვებს ამბობენ, ღადაობენ, უცებ ისეთ რაღაცას იტყვიან, გაგიჟდები. გახსოვთ, ის გოგო რას ეუბნება ჯალათებს – თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ გინდათ, ჩვენ გვნახოთ მუხლმოდრეკილები ?! როგორი ამოძახილია ?! ამას ხომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში არასდროს ვიტყვით. გესმით – მუხლმოდრეკილებიო. ამ სიტყვას ასეთი მგზნებარებით მხოლოდ სამშობლოს სიყვარული თუ გათქმევინებს. უცებ ისეთი გარდასახვა ხდება, გაოგნდები. და იქვე ამ მიმართვის მშვენება – აუ, მაგარი ყ….ი ხართ და ფეხით შეანგრია რობოკოპების ფარები. ანუ თუ გამწარდა, ერთდროულად ამბობს ძალიან ძლიერ სიტყვას – მუხლმოდრეკილებიო და მერე იქვე შეუკურთხებს კიდეც. გენიალური სინთეზია. ეგ ვიდეო შედევრია.
და მერე დროშის სიყვარული ?! რამხელა პატივისცემაა. როგორ აფრიალებენ.
ჩემი ღრმა რწმენით, შინაგანად ასეთები იყვნენ ის ქართველი ქალები წარსულში. მართალია, სხვა დრო იყო და წესები სხვანაირად მუშაობდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეგაა ის გაწვეტილი ძაფები, რომელიც ახლა იბმება და წარსულსა და დღევანდელობას აერთებს.
რუსთაველის ეპოქას რომ გვარიანად გამოვცდეთ, ცხრა ძმა ხერხეულიძის და და დედა როგორები იქნებოდნენ. იმათაც აიღეს დროშა და ამათაც უჭირავთ დროშა. ერთი ქვეყანაა. იმის გაგრძელებაა ეს ოღონდ დიდი წყვეტით. ამ გოგოების წინაპრები არიან ისინი. ციდან კი არ ჩამოცვენილად ესენი. სამოსით განსხვავდებიან, მაგრამ ალბათ ისინიც უშვერი სიტყვებით აგინებნენ მტერს და უყვიროდნენ, ვერ ეღირსებით ჩვენი მუხლის მოდრეკასო !
აგერ ჩემმა ცოლმა დედის გლანდები აგინა დარბევის დროს ვიღაც შავნიღბიან სადისტს. ხელი გაუშვი, ჩემი შვილიაო, უკიოდა. არადა სხვისი შვილი იყო და ხელიდან გამოსტაცა. მერე შემთხვევით სანიმ ნახა ეს ვიდეო, დარბოდა სახლში და იმეორებდა – ხელი გაუშვი, შენი დედას შ…..ო 😂😂😂
ხო, ყველაზე მაგარი იყო დედების აქცია. შვილების გალახვის მერე დედები რომ მარშს მოაწყობენ, ამაზე დიდი იმედი რა უნდა იყოს. დედას ხო ვერ გატეხ და დაამარცხებ, გამორიცხულია.
არ არის ის ამბები ზღაპრები და ლეგენდები, ჩვენ რომ გვგონია ხშირად ისტორიის კითხისას. ყველაფრის სათავე სინამდვილეა, შეიძლება სახეშეცვლილი, მაგრამ მაინც სინამდვილე. მაგ ამბავს ვხედავთ ახლაც. ეგაა იმ გაწყვეტილი ძაფების გაბმა. თუ გვაინტერესებს, როგორები იყვნენ, ჩემი აზრით, ახლა ვხედავთ ყოველდღიურად ლაივში.
დარწმუნებული ვარ, ასეთივე ,,სვეტსკები” და უშიშრები იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ ქალებსაც ახლა ვხედავთ აქციებზე. სხვანაირი სამოსით და მაშინდელი წესებით.
კაცებს არ გვეწყინოს, მაგრამ ქალების რევოლუციაა ეს. ქალების ,,ხორუმის რევოლუცია”. შენ თუ ურტყი, მოწამლე, დაიჭირე, შეურაცხყოფა მიაყენე და მეორე დღეს გამოვიდა და იმავე ადგილზე იცეკვა, რანაირად უნდა გატეხო?!
ილიამ თავიდან გამოიგონა საქართველოო. კი არ გამოიგონა, იმას მიხვდა, როგორი იყო უწინ, სადამდეც სხვების თვალი და გონება ვეღარ სწვდებოდა. ილია იყო და მიხვდა. მერე გამოიგონა კიდეც ახალი საქართველო იმ ძველის საფუძველზე. არ არსებობს ხე ფესვების გარეშე. ჩვენ ამოგლეჯილი ვიყავით მაგ ფესვებიდან და ახლა ვუბრუნდებით. სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ ახლა ხელისუფლებას ვცვლით ან მტრის თოჯინას ვიცილებთ. ეს უმნიშვნელო დეტალია. სინამდვილეში გრანდიოზულ ცვლილებას ვუახლოვდებით. საუკუნეებს მიღმა არსებულ საქართველოსთან უნდა აღვადგინოთ კავშირი. ნამდვილ საქართველოსთან. უნდა უკუვაგდოთ მტრის გამოგონილი საქართველო და დავიბრუნოთ ნამდვილი საქართველო. მაგარი კაცებითა და ქალებით. ეს ხდება ახლა.
PS
ცოტა არეულად ვწერე, მაგრამ არც მიფიქრია იმაზე, რამდენად მწყობრი იქნებოდა. აქაც ცოტას გადავუხვევ. რატომ იყო ასეთი დიდებული და წარმატებული საქართველოს მხარეების მარშები – იმიტომ, რომ ეგაა ნამდვილი საქართველო. ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი, რომ საოცარი დღე იქნებოდა. რატომ ? იმიტომ, რომ მრავალფეროვნებაა ჩვენი სიძლიერე, თუმცა ახლა აქ ამას, ცხადია, ვერ განვავრცობ, ეგ დიდი თემაა და, სხვათა შორის, ისევ ,,ვეფხისტყაოსანთან” მოგვიყვანს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.

ასევე დაგაინტერესებთ