ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, კონგრესის მოწინავე წევრებისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი გეგმავს, იანვარშივე წარუდგინოს ახალ კონგრესს MEGOBARI აქტი. რაუფოღლუს ინფორმაციას ანონიმური წყაროები უდასტურებენ.
“კონგრესის მოწინავე წევრებისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი გეგმავს, ახალ კონგრესს ჯერ კიდევ იანვარში ხელახლა წარუდგინოს MEGOBARI აქტი, ეს დღეს კონგრესიდან სამმა წყარომ დამიდასტურა.
კანონპროექტი იმ პირების სანქცირებას მოითხოვს, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრიან”. – წერს რაუფოღლუ X-ზე.
ცნობისთვის, რესპუბლიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის მიერ ამა წლის მაისში შემუშავებული “MEGOBARI აქტი” მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას. კანონპროექტის შესახებ ცნობილი პირველად 20 მაისს გახდა.
წყარო: ტაბულა