უკრაინის პრეზიდენტი შტატებშია. ზელენსკი სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და ევროპის თავდაცვის ჰაბის შექმნის იდეაზე ისაუბრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, ასეთი კერა უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს, რადგან ქვეყანას ომის შედეგად შეძენილი დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.
უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა იდეის განსახორციელებლად, ასევე სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად და ბიუროკრატიული პროცედურების გასამარტივებლად.
ზელენსკი თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსაც შეხვდა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ კვლავ შეუძლია დაეყრდნოს ამერიკას და მოუწოდა კონგრესს, არ ითამაშონ პუტინის სასარგებლოდ.
“მთელი მსოფლიო გვიყურებს და აკვირდება, რა ბედი ელის სხვა თავისუფალ ერებს, იცხოვრონ თავისუფლად ან იყვნენ მორჩილებაში. უკრაინა არ დანებებულა და არც დანებდება. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. ასევე, უკრაინაც იმედოვნებს, რომ თქვენი იმედი შეგვიძლია რომ გვქონდეს. როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობს დიქტატურა და ეს ყველაზე საშიში ამბიციებია. მნიშვნელოვანია, პოლიტიკამ არ უღალატოს ჯარისკაცებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ამერიკა თავისუფლების დაცვაში უკან არ დაიხევს.
“ამერიკის ვალდებულება უკრაინის მხარდასაჭერად და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ურყევია. ჩვენ ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, სად ვიდგებით. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას თავისი ტერიტორიისა და მოქალაქეების დასაცავად ბრძოლაში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევაკავოთ რუსეთი ნებისმიერი შემდგომი აგრესიისგან, მათ შორის – ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ამერიკა თავისუფლების დაცვაში უკან არ დაიხევს”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.