საქართველოს საბანკო სივრცეში ამ დრომდე მსგავსი მოცულობის იაპონური ინვესტიციის პრეცედენტი არ გვქონია – ნათია თურნავა

საქართველოს საბანკო სივრცეში მსგავსი წილობრივი მოცულობის იაპონური ინვესტიციის პრეცედენტი არ გვქონია, – აასე აფასებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა იაპონური სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგის Gojo & Company-ის მიერ კრედო ბანკის წილის შესყიდვას.
ეს ფაქტი, თურნავას მტკიცებით, მიუთითებს ქართული საბანკო სისტემის მიმართ არსებულ მაღალ ნდობასა და მდგრადობაზე.
მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორების ქვეყანაში შემოსვლა დადებითად აისახება საინვესტიციო კლიმატზეც, მათ შორის – ხელს შეუწყობს ბაზრის დივერსიფიკაციას, საბანკო პროდუქტების ხელმისაწვდომობას ჩვენი მოსახლეობისათვის და კონკურენციის ზრდას.
„ ჩვენი საფინანსო სექტორი საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებს, ემსახურება ეკონომიკას და ამაზე ეს ინვესტიციაც მეტყველებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, იაპონურმა სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc.-მ კრედო ბანკის 16.8%-იანი წილი შეიძინა, რითაც სადებიუტო ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. აღნიშნულ გარიგებაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო და მიზნად ისახავს გააძლიეროს კრედო ბანკის ინიციატივა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების მიწოდების გზით, მხარი დაუჭიროს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს.
Gojo & Company, Inc. ტოკიოში დაფუძნებული ჰოლდინგ კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ინკლუზიური ფინანსური სერვისების მომწოდებელ კომპანიებს და ოპერირებს აზიისა და აფრიკის 13 ქვეყანაში. კომპანია 2014 წელს დაარსდა მსოფლიოში ფინანსური ჩართულობის ამაღლების მიზნით. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, Gojo ჯგუფი 10 ათასზე მეტი თანამშრომლით ემსახურება 2.4 მილიონზე მეტ კლიენტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 94 სერვისცენტრით, 480,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.