გიგა შუბითიძე და აკაკი ფიჩხაური, რომლებიც მეტროში მოქალაქეებს თავს დაესხნენ და იძალადეს, გირაოთი გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო.
პროკურატურა თითოეულისთვის 3000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. პროკურორმა ჩათვალა, რომ მიუხედავად განმეორებითი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკისა, 3000 ლარი იქნებოდა შემაკავებელი ფაქტორი მათთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ არც სხვა მოქალაქეებისთვის და არც გამოძიების მიმდინარეობისთვის.
“შელაპარაკების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაზარალებულს. კერძოდ, ხელი დაარტყეს 3-ჯერ სახის არეში. ასევე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ძლიერად მოუჭირა ყელის არეში შარფი დაზარალებულს. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ახალი დანაშაულის საფრთხეს რაც შეეხება, მივიჩნიე, რომ გარკვეულწილად არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, გათვალისწინებით იმისა, რომ განხორციელებულია ცემა, რომელიც ჩადენილია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე. ბრალდებულებმა ყოველგვარი მოტივის გარეშე სცემეს დაზარალებული და შესაბამისად, ამ მხრივ მათი საქმიანობა შესაძლოა გაგრძელდეს და სხვა პირებსაც მიადგეთ ზიანი […] მივიჩნევ, რომ მათზე ზემოქმედების საფრთხეც არსებეობს, გარკვეულწილად და ამ მხრივ, მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც […] საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ გირაო 3000 ლარის ოდენობით იქნება შემაკავებელი და დამაფიქრებელი ორივე ბრალდებულისთვის, რომ მომავალში არც ახალი დანაშაული ჩაიდინონ და არც მტკიცებულებები გაანადგურონ”, – განაცხადა სხდომაზე პროკურორმა.
ამის შემდეგ მოსამართლემ ბრალდებულებს მიმართა და ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმად გირაოს შეფარდება და მოთხოვნილი თანხა. მას შემდეგ რაც ორივე ბრალდებული დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას, მოსამართლემ კიდევ ერთხელ დააზუსტა, შეძლებდნენ თუ არა ისინი აღნიშნული თანხის მოგროვებას, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ფინანსური შეღავათის გაწევა სთხოვა, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა.
“ცოტა შეღავათი თუ იქნება თანხასთან დაკავშირებით … ისედაც მისაღებია, მაგრამ თუ შესაძლებელი არის, რომ შეღავათი გაგვიკეთდეს”, – განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა.
გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მათგანს სხდომათა დარბაზში ქურთუკის ქუდები ჰქონდათ დაფარებული, ასევე ეკეთეთ პირბადეები, რის გამოც მათი სახის დანახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რთულია იმის განსაზღვრა, რომელმა მათგანმა სთხოვა მოსამართლეს ფინანსური შეღავათი. თუმცა, მეორე ბრალდებული დაეთანხმა ამ თხოვნას.
საბოლოოდ, მოსამართლე ლევან გელოვანმა ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა – ბრალდებულებს გირაო შეუფარდა, თუმცა თანხის ნაწილში, მათ შეღავათი გაუწია, როგორც თავად სთხოვეს და თოთოეულს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ ისინი სასამართლოში თავად მივიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკავების შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. გარდა ამისა, არცერთ მათგანს არ ახლდა ადვოკატი.
სხდომის დასრულების შემდეგ, მათ მედიასთან საუბარი არ ისურვეს და როგორც სასამართლოს შენობა, ისე ეზო და მიმდებარე ტერიტორია სირბილით დატოვეს. პარალელურად, ისინი სახის დამალვას ცდილობდნენ და ჟურნალისტებს მოუწოდებდნენ, არ გადაეღოთ.
გიგა შუბითიძე და აკაკი ფიჩხაური მოქალაქეებს თავს 16 დეკემბერს დაესხნენ. “მაუწყებლის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ისინი მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან. მათი შეკავება ისე მოქალაქეებმა შეძლეს და ძალით გაიყვანეს ვაგონიდან. ამის შემდეგ ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროულ აქციას შეუერთდნენ და დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, პოლიციამ ისინი მხოლოდ დაპირისპირებიდან 15-20 წუთში, მოქალაქეთა მოწოდებების შემდეგ დააკავა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით ისინი ემუქრებოდნენ აქციის მონაწილეებს არა მხოლოდ ფიზიკური ანგარიშსწორებით, არამედ მკვლელობითაც. სავარუდოდ, ორივე მათგანი არაფხიზელ მდგომაროებაში იყო.
გიგა შუბითიძესა და აკაკი ფიჩხაურს ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 1260-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
28 ნოემბერის შემდეგ, პროევროპულ აქციებზე, საერთო ჯამში, 400-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. მათგან 35-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
