ბადრი ჯაფარიძე – რაც დღეს საქართველოში ხდება, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვაა, ამიტომ არის ევროსაბჭოს დელეგაცია აქ და არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის

საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ამიტომ არის ეს ხალხი აქ და არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, ისინი აქ არიან იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია არის ევროპული საბჭოს წევრი და უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი.
„ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გვქონდა ძალიან კარგი საუბარი. ის აქ არის არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, მან ხაზგასმით თქვა, არამედ იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია ევროპული საბჭოს წევრია და ეს ორგანიზაცია არის კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე. მთავარი თემები, რომელთაც ეს ორგანიზაცია არის დაინტერესებული, ეს არის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ამიტომ არის ეს ხალხი აქ, რომ ადგილზე შეხვდეს ყველას, მათ შორის, ვინც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებს და ასევე, სამოქალაქო სექტორს. შეხვდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ სრული სურათი შეიქმნან იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო, ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველდღიურად, როგორ ხდება უდანაშაულო ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ასეულობით ადამიანი დღეს უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ასეულობით ადამიანს აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანება, იმ ადამიანების მიერ რომლებიც საკუთარ თავს პოლიციას უწოდებენ, მაგრამ არანაირი კავშირი მათ პოლიციასთან არ აქვთ, ისინი არიან კრიმინალური დაჯგუფებები. იმაზეც ვესაუბრეთ, რომ ქალაქში გადაადგილდებიან შავებში ჩაცმული შავნიღბიანი ადამიანები, რომლებიც პატრულის თანამშრომლების თვალწინ, უსწორდებიან ჟურნალისტებს, მსახიობებს, გამვლელებს და ამაზე პატრულის თანამშრომლები თვალს ხუჭავენ, არიან პასიური დამკვირვებლები, რაც პირდაპირ მიანიშნებს ამ დაჯგუფებების კავშირზე ხელისუფლებასა და -სთან.
ისინი აქ არიან სწორედ იმის გამო, რომ საქართველოდან იღებდნენ შემაშფოთებელ ინფორმაციას. ისინი აქ არიან იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია არის ევროპული საბჭოს წევრი და უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ისინი აქ არიან სწორედ ამიტომ და არა იმის გამო, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია მოხდა მათი ჩამოსვლით. მათი შეხვედრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას. მათ თქვეს, რომ აქ ამ მიზნით არ არიან“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გამო ბიზნესების გამიჯვნას და იმ საკითხს, მოუწოდებს თუ არა ბადრი ჯაფარიძე „ ბანკს“ გაფიცვისკენ, როგორც მან განაცხადა, „ყველა ბიზნესი გადაწყვეტილებას თავად იღებს“.