კონკურენციის სააგენტომ Royal Swinkels-ის და GCAP-ის $63-მილიონიან გარიგებაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ევროკავშირში ლუდის უმსხვილესი მწარმოებლის მიერ საქართველოში დაგეგმილ კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა. საუბარია Royal Swinkels-ის და “საქართველოს კაპიტალის” (GCAP) გარიგებაზე, რომლის ფარგლებშიც, ნიდერლანდური კომპანია ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესს ყიდულობს.
საკონტროლო პაკეტის სანაცვლოდ, რომელშიც მათ შორის შედის ლუდის ქარხანა და ბრენდები “ყაზბეგი”, “შავი ლომი”, “კაიაკი”, “აისი”, ასევე საერთაშორისო ბრენდების Heineken-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა ბრენდების წარმოებისა და დისტრიბუციის ლიცენზიები, Georgia Capital-ი მინიმუმ 63 მლნ დოლარს მიიღებს.
კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათი ანალიზით, კონცენტრაცია არ მოახდენს არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე.
“საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგის“ (ნიდერლანდური Royal Swinkels-ის შვილობილი კომპანია) მიერ შპს „გლობალ ბიერ ჯორჯიას“, შპს „გენუინ ბრევინგ კომპანის“, შპს „გლობალ ქოფი ჯორჯიასა“ და შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკის“ 100%-იანი წილების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.