ჰელსინკის კომისია: ოცნება ქართველ ხალხს ევროატლანტიკური გზიდან აგრესორებისკენ მიათრევს

ამერიკის შეერთბული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებით, ქართული ოცნება ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზიდან აგრესორებისკენ მიათრევს. ამის შესახებ ინფორმაციას კომისიამ X-ზე გაავრცელა.
ჰელსინკის კომისია მიიჩნევს, რომ მიუხედავად ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობისა, ქართული ოცნება მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს.
„ქართული ოცნება ქართველებს მათი არჩეული ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან აგრესორებისკენ მიათრევს, რომელთა განზრახვა მსოფლიოს დემოკრატიული წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა.
მიუხედავად ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობისა, ქართული ოცნება მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჰელსინკის კომისიის ცნობით, ივნისში ირაკლი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო, მანამდე კი საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკურ სიძლიერეზე ზრუნავდა.
ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ ჩინეთთან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა და ამჟამად, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.
“ივნისში საქართველოს პრემიერი კობახიძე დაესწრო ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რაც მოჰყვა ქართული ოცნების ძალისხმევას გაეძლიერებინა ეკონომიკური კავშირები ირანსა და საქართველოს შორის. თავის მხრივ, ცნობები მიანიშნებს, რომ ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა მხარი დაუჭირეს ქართული ოცნების კამპანიას ანტი-დასავლური ნარატივების გავრცელებით.
აგვისტოში ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან. ჩინური კონსორციუმი ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს”, – წერს ჰელსინკის კომისია.
კომისიის განცხადებით, ქართული ოცნება საქართველოს მხოლოდ რუსი მფარველების ქვეშ არ დატოვებს.
“თუ ქართული ოცნება ძალაუფლების მიტაცებაში გაიმარჯვებს, ეს პარტია საქართველოს გადააქცევს ძალის დემონსტრირების და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილად არა მხოლოდ რუსი მფარველების, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებსაც ქართული ოცნება სულ უფრო უახლოვდება”, – ნათქვამია განცხადებაში.