ლევან ღამაშიძე: …შენ განათლებული არ ხარ, შენ სახარება უბრალოდ წაკითხული გაქვს

“გუშინ ერთ ძალიან საინტერესო კაცს ველაპარაკებოდი, განათლებაზე დამისვა შეკითხვა და ვერ ჩამოვაყალიბე, თუმცა დღეს დილით ასეთი რაღაც მოვიფიქრე:
განათლება არ არის ის, რისკენაც შეიძლება წახვიდე, არამედ ის შეიძლება დაგემართოს. და იმისათვის რომ დაგემართოს რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს: მზად უნდა იყო რომ ყველაფერი რასაც ისწავლი ადამიანის შესახებ საკუთარ თავზე მიიღო. და მეორე პირობა მოქმედებაა.
ამ მხრივ განათლებულობის მაგალითია ალუდა ქეთელაური: მას რაღაც ემართება, რომლისკენაც ის არ მიდიოდა. რაღაც შინაარსი ჩნდება მის თვალწინ. თავიდან კი თითქოს ხვდება რომ რაღაც უცნაური ამბავი მოხდა მუცალის სახით, თუმცა რეალური გაცნობიერება ხდება სიზმარში: ის ხვდება, რომ იძულებულია აკეთებს ის, რაზეც თავად ერევა გული. ის ხვდება, რომ ის მონაა და შემდეგ იწყებს მოქმედებას.
ორივე აქტი გაბედულობას მოითხოვს, და ცალ-ცალკე ისინი საზრისს ვერ ქმნიან.
აქედან გამომდინარე, განათლებულად ყოფნა არ არის რაღაც პასიური ბრძენად ყოფნის მდგომარეობა, არამედ არის სამყაროს შეცვლისკენ მიმართული ძალისხმევა.
ეს ხსნის რატომ არ არის ბევრი წიგნის წაკითხვა განათლებულობის უზრუნველმყოფელი. რაც არ უნდა ბევრი წაიკითხო, თუ არ მიხვდები რომ საკუთარ თავზე კითხულობ და მერე, როდესაც გარკვეულ სიტუაციაში აღმოჩნდები შესაბამისად არ იმოქმედებ, შენი განათლება ილუზორული ყოფილა.
მაგალითად, როდესაც სახარებას კითხულობ, ზეპირად იცი, რომ პატიება კარგია, იცი რომ ძალადობა ცოდვაა, მაგრამ მაშინ, როდესაც შენ გიწევს ვინმეს პატიება ან ძალადობის დაგმობა ამას არ აკეთებ და თავს იძვრენ რომ შენი სიტუაცია გამორჩეულია და ამიტომ გაქვს უფლება არ აპატიო, შენ განათლებული არ ხარ, შენ სახარება უბრალოდ წაკითხული გაქვს. იგივე ეხება ყველა პრინციპს, რომლის შესახებაც წაკითხული გაქვს და მაგრამ უარობ მათ განხორციელებას.
არ დაგიფიქსირებიათ, რომ აღფრთოვანებული ხართ ჩვენს ანტირუსულ აქციებზე მყოფი ხალხის გამოსვლებით და ინტერვიუებით? ყველა სხვადახვა ცოდნის მატარებელია, მაგრამ ყველა ერთნაირ განათლებას ასხივებს. აი ეგ განათლებაა გააზრებისა და გაბედულობის ერთიანობა, რაც არის განათლების ჭეშმარიტი დეფინიცია,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამაშიძე.