“არის საჩივრები, რომლის მოსმენა 1 წელი არ ჩანიშნულა”- რამდენად ეფექტიანად მუშაობას ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო?

ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველმა საბჭომ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში დაკისრებული გადასახადების შესახებ 2,796 საჩივარი შევიდა. ეს 2021 წელთან შედარებით 300 დავით ნაკლები იყო. ამ დავების საგანს ₾948 მილიონის საგადასახადო დავალიანება წარმოადგენდა, ეს 2021 წელთან შედარებით 900 მილიონი ლარით ნაკლები იყო.
დავების საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით იურისტები პროგრესს ხედავენ, მაგრამ ამბობენ, რომ გამოწვევები მაინც რჩება. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი გადაწყვეტილების მიღების ვადებია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჭიანურდება.
“პროცედურული ნაწილი საკმაოდ პრობლემურია, რომელიც ვადებთან არის დაკავშირებული. არის საჩივრები, რომლებზეც 1-2 წელი საერთოდ არ ჩანიშნულა მოსმენა. ეს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელებს აზარალებს. ვისაც აწყობს საქმის გაწელვა და იცის, რომ არ არის მართალი სხვა საკითხია, თუმცა უარყოფითი მხარეც აქვს ამ ყველაფერს, ეს ნაწილიც ადმინისტრირების კუთხით მოსაგვარებელია. საბოლოოდ თუ ეს სასამართლომდე მიდის ეს უსასრულოდ გრძელდება. არის გარკვეული ალტერნატივები, რომელიც შეიძლება დაინერგოს”, – ამბობს კომპანია GLCC-ის პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი.
კითხვაზე – რამდენად მწვავეა ვადებთან დაკავშირებული პრობლემა და რა რეალობას მივიღებთ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში საგადასახადო დავების სისტემის რეფორმირება არ დაიწყება ირაკლი გაფრინდაშვილი ამბობს, რომ თუ ბაზარზე მდგომარეობა არ შეიცვლება როგორც ხდება ხოლმე დავები ბოლო ინსტანციაში სასამართლოში გაგრძელდება, სადაც ვადებთან მიმართებით კიდევ უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაა.
“ცვლილებები თუ არ იქნება იგივე მოცემულობაში გავაგრძელებთ ცხოვრებას. სასამართლო არის საბოლოო ინსტანცია და სასამართლო დავის წარმოება რამხელა ვადებთან არის დაკავშირებული ყველამ კარგად ვიცით. ერთი მხრივ ეს ბიუჯეტისთვისაც პრობლემაა, იმ თანხების აკუმულირება დროულად ვერ ხდება, რომელიც შემოსასვლელია. ეს ბიზნესისთვისაც პრობლემაა, სასამართლო გადაწყვეტილება თუ 6 წლის შემდეგ მის სასარგებლოდ დასრულდა, შეიძლება ეს ბიზნესი გაკოტრებული იყოს”, – ამბობს კომპანია GLCC-ის პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი.