ინტერესი და მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არ განელებულა, სანქცირება თითოეულ ადამიანს ეხება, ყველაფერს აქვს თავისი შედეგი არამარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ამ ყველაფრის შედეგებს ჩვენ ნელ-ნელა, ყოველდღიურად ვნახავთ – ხელისუფლების ქილიკმა მხოლოდ და მხოლოდ უკუშედეგი გამოიღო, ხელისუფლებას აღარსად აღარ იწვევენ, გროტესკულ ვითარებებს ქმნიან, ცდილობენ, რომ სადღაც სურათი გადაიღონ და ვინმეს ხელი ჩამოართვან. ყველა გზავნილით მანიპულირებენ, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართული დისკუსია აჩვენებს, რომ დასავლელი პარტნიორები კვლავ ქართული საზოგადოების მხარდაჭერები არიან.
„ინტერესი და მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არ განელებულა, ევროკავშირიც და ევროპარლამენტიც აქტიურია, ვხედავთ განცხადებებს მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან, ყველა ფაქტზე რეაგირებაა და პირველ რიგში, ჩვენი იმ უდიდესი საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც დღეს მშვიდობიან და დემოკრატიულ პროტესტშია ჩართული. ყოველთვის, ყველა წერილსა თუ განცხადებას ხაზად გასდევს, რომ ისინი საქართველოსა და ქართული საზოგადოების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერები არიან.
პროცესები აქტიურია და ყოველდღიურად იდგმება ნაბიჯები, როგორიც არის, მაგალითად სანქცირება აშშ-ს მხრიდან, ასევე ევროპისგან. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების პოლიტიკამ და ნაბიჯებმა ქვეყანა აქამდე მიიყვანა. რამდენი გაფრთხილება, თხოვნა, პირდაპირი დიალოგი და ვიზიტი იყო ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომ ეს პოლიტიკა არ გაგრძელებულიყო. საბოლოო ჯამში, ვნახეთ ჯერ „რუსული კანონი“, შემდეგ არჩევნები, შემდეგ დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ დროებით უნდა გადავადდეს ეს პროცესი და პრაქტიკულად უარი თქვა ამ გზის აქტიურ გაგრძელებაზე, რაც მთავარი ამოცანა და საზოგადოების სურვილია.
შესაძლოა მოლოდინი უფრო დიდი იყოს უფრო სწრაფ და აქტიურ ნაბიჯებზე, მაგრამ ის, რაც ხდება, არავის უხარია. სანქცირება თითოეულ ადამიანს ეხება, ყველაფერს აქვს თავისი შედეგი, არამარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ამ ყველაფრის შედეგებს ჩვენ ნელ-ნელა, ყოველდღიურად ვნახავთ. ამაზე კი ყოველდღიურად საუბრობენ იმ სექტორის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან.
პარტნიორებს ჩვენ აქაც ვხვდებით, როდესაც აქ ჩამოდიან და ვიცით მათი განწყობები, ეს მეგობრული და საქართველოს მხარდასაჭერი პოზიციებია და არა საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები – უნდა შეწყდეს ეს რეპრესიები, ყველა უნდა გათავისუფლეს.
წნეხი გაიზრდება. ხელისუფლების ქილიკმა მხოლოდ და მხოლოდ უკუშედეგი გამოიღო. დღეს ხელისუფლება არ არის აღიარებული, ლეგიტიმაცია პრაქტიკულად ნულის დონეზეა ისე, რომ მინისტრებს მინისტრებად არ მოიხსენიებენ, არამედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეძახიან. ბრიტანეთმა თითქმის შეაჩერა ურთიერთობები, აშშ-მა შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა. ხელისუფლებას აღარსად აღარ იწვევენ, გროტესკულ ვითარებებს ქმნიან, ცდილობენ, რომ სადღაც სურათი გადაიღონ და ვინმეს ხელი ჩამოართვან. ყველა გზავნილით მანიპულირებენ, გუშინ გამოაცხადა დე-ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელმა, თითქოს ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს ხელისუფლების მიმართ ამ გადაწყვეტილებებს და სანქცირებას. რუმინეთმაც, იტალიამაც და ესპანეთმაც ძალიან სწრაფად გაავრცელეს განცხადებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხელისუფლება. იმ პოლიტიკით რომელსაც აწარმოებს, დღეს ისინი რეპრესიულ მანქანაზე, საზოგადოების დაშინებაზე, საჯარო სექტორისა და დაჯგუფებების გარკვეულ წრეებზე დგანან.
სანქციები ვიზალიბერალიზაციასაც შეეხო, მაგრამ საბედნიეროდ ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ შეხებია, რომელიც სწორი გადაწყვეტილებაა. ვინც ბრძანება გასცა, ახალგაზრდების ასეთი სისასტიკით დარბევისა, დაპატიმრებებისა, ისინი უნდა დაისაჯონ. ამის უკან ძალიან ბევრი ტრაგედიაა, ამან არ შეიძლება უკვალოდ ჩაიაროს. ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვიღაც რუსები და ბელარუსები ჩაანაცვლებენ, არა! ყველას საქართველო იმიტომ მოსწონს, რომ აქ ევროპას ხედავენ“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
ასევე, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ყოფნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გამომხატველია.
„დასავლეთში „ქართული ოცნების“ განცხადებებს სერიოზულად არავინ იღებს, პირიქით, ყველა მათი განცხადება კონტრპროდუქტიულია და აღიქმება, როგორც ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული, რუსეთთან მოთანამშრომლე რეჟიმის განცხადებები. შესაბამისად, როცა მათ განცხადებებზე ვსაუბრობთ, ეს კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს მოქალაქეების პოზიციას, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომელიც ახლა სტრასბურგშია. ეს ჟესტიც მნიშვნელოვანია, როცა ის განცხადებებს აკეთებს და მას ძალას ის საზოგადოება აძლევს, რომელიც აქტიურად ითხოვს საქართველოს დასავლურ და ევროატლანტიკურ კურსს. არის განსხვავება მასა და დე-ფაქტო თანამდებობის პირებს შორის“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
წერეთელი ასევე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც შეეხო, რომელიც დედაქალაქში და ქვეყნის სხვა ქალაქში უწყვეტად მე-20 დღეა მიმდინარეობს.
„რატომ გამოდის ეს ხალხი ქუჩაში, არ უსვამს საკუთარ თავს ამ კითხვას ხელისუფლება? პროტესტი გადამწყვეტი ინსტრუმენტია. პროტესტი გეოგრაფიულად გაშლილია და სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს და ასევე სხვადასხვა სექტორებიც არიან ჩართულები და ამას, როგორ შეიძლება ვინმე ქილიკით უყურებდეს. მარტო დაჭერობანა და კატა-თაგვობანა არ არის. თუ ისინი თვლიან, რომ მათ ძალა აქვთ, მაშინ უფრო უნდა წავიდნენ დათმობაზე, რომ ქვეყანა უფრო რთულ სიტუაციაში არ შეიყვანონ.
გიორგი ვაშაძეზე თავდასხმა, მეტროსადგურში სიტყვიერი შეურაცხყოფები – ეს ყველაფერი არის იმ რეპრესიებისა და დაშინების ნაწილი, რომელიც ყველა ავტორიტარულ რეჟიმს აქვს. პოლიციასაც ძალიან მალე დიდი დისკომფორტი შეექმნება. საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია განცდა, რომ ცვლილებები აუცილებელია, საზოგადოება ითხოვს არჩევნების გზით ცვლილებას, სრულიად დემოკრატიულად. ეს რეპრესიული მანქანა უნდა გაჩერდეს. ასეთ შემთხვევაში გვექნება პროგრესი, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელისუფლება კიდევ უფრო გაურთულებს ფინალურ ეტაპს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.