„ინვესტორებისთვის ყოველთვის საინტერესოა ენერგიის მიქსი და არა მხოლოდ ჰიდრო, ქარის ან მზის ენერგია“ – ნანა ბერძენიშვილი

„გლობალური დათბობის შეჩერების ერთ-ერთი ძალიან ეფექტური საშუალება არის ეკონომიკის გადაყვანა განახლებად ენერგიაზე. ეს საქართველოსთვის, შვეიცარიისთვის და ჩინეთისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია და დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა არამც თუ წინააღმდეგობა ამას, არამედ ეძებს გზებს თუ როგორ უფრო მეტად გაამწვანოს ენერგეტიკის სექტორი. საქართველოში საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ ჭრილში უნდა ფიქრობდეს ენერგეტიკაზე“, – ამის შესახებ კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი – გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის ხელმძღვანელმა ნანა ბერძენიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ინვესტორისთვის, ვინც ფულს ენერგეტიკის სექტორში აბანდებს, ბევრად უფრო მოგებიანი და საინტერესო არა ცალკეული რესურსები, არამედ ენერგიის მიქსია.
„ინვესტორები არ უყურებენ მხოლოდ ერთ სექტორს. ინვესტორებისთვის ყოველთვის საინტერესოა ენერგიის მიქსი. მხოლოდ ჰიდრო, მხოლოდ მზე ან მხოლოდ ქარი არ არის გამოსავალი. ამ სამში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჰიდრო, მას ენერგიის უწყვეტ წყაროსაც უწოდებენ. მზე და ქარი არის წყვეტილი. მხოლოდ ჰიდრო არის სტაბილური და მიქსი ამიტომაც არის ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და ინვესტორისთვის მოგებიანი რომ ერთი ენერგია მეორეს ანაცვლებს და მუდმივად ეფექტიანად ვიყენებთ იმ რესურსს, რომელსაც ბუნება გვაძლევს“, – აღნიშნა ნანა ბერძენიშვილმა.
როგორც მან განაცხადა, თუ ქვეყანას სურს ენერგეტიკის სექტორში ინვესტორები მოიზიდოს, 2 მთავარ ფაქტორზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას, ესენია სტაბილურობა და მოგებიანობა.
„ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომელიც ქვეყანაში შემოდის, 2 რამ არის მნიშვნელოვანი, პირველი – სტაბილურობა და მეორე – რამდენად სარგებლიანად შეუძლია დააბანდოს მისი ფული. როდესაც ინვესტორი შემოდის ენერგეტიკულ ბაზარზე და დაინახავს, რომ მას აქვს დივერსიფიკაციის საშუალება, მისი ინვესტიციის 70% ჩადოს ჰიდროელექტროსადგურში, 20% ქარის ელექტროსადგურში და 10% მზის სადგურში, მისთვის ეს არის უფრო მოგებიანი. მას შეუძლია სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები გააფორმოს სხვადასხვა დამკვეთებთან და ამონაგების მიღების უფრო მაღალი ალბათობა ექნება.
ვფიქრობ, თუ გვსურს, რომ სამომავლოდ, როგორც ქვეყანამ ინვესტიციების მოზიდვაზე ვიმუშაოთ, სწორედ ამ ორი პრიზმიდან უნდა ვუყუროთ ინვესტორებს. კომპლექსურობა და მრავალფეროვნება ინვესტორებს საშუალებას აძლევს რომ დარწმუნებული იყვნენ ინვესტიციის სისწორეში“ , – აღნიშნა ნანა ბერძენიშვილმა.