კომიტეტმა ლამინირებული პირადობების 1 ივლისიდან გაუქმებაზე კანონპროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში ცვლილება განიხილა.
პროექტის თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე პირადობის იმავე მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები.
“კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი ს სათანადოდ ჩატარებას.
ამ პროექტსა და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შედეგად შეიქმნება ერთგვარი დაბალანსებული მდგომარეობა, რაც გულისხმობს შემდეგს: ერთი მხრივ, არჩევნების სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის განუსაზღვრელი ვადით ან 20 წლის ვადით მოქმედი არაელექტრონული მოწმობები უმეტესწილად საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) ჩანაცვლდება, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ პირადობის მოქმედი ე.წ. მოკლევადიანი არაელექტრონული მოწმობებით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება”, – თქვა ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრიდონ ინჯიამ.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, , რატი იონათამიშვილი, ფრიდონ ინჯია, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.