თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები, კურსდამთავრებულები, კონცერტმაისტერები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ემსახურება ქართულ, შესაბამისად, ევროპულ ხელოვნებას. ევროპული არჩევანი არის გარანტირებული ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლით. კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ვგმობთ ძალადობას იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ჩვენს ევროპულ არჩევანს იცავენ“,- ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის განცხადებას 387 ხელმომწერი ჰყავს.
ხელმომწერებს შორის არიან: თსკ-ს ორი ყოფილი რექტორი, აკადემიური საბჭოს ორი წევრი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოქმედი უფროსი, რექტორის მოადგილე; ორივე ფაკულტეტის ყოფილი და მოქმედი დეკანები, სასწავლო დეპარტამენტის უფროსი, სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, დიდი და მცირე დარბაზის დირექტორები, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორ-მასწავლებლები, კონცერტმაისტერები, ადმინისტრაციის თანამშრომლები.
12 და 13 დეკემბერს კონსერვატორიასთან საპროტესტო აქციები გაიმართა.
აქციაზე სტუდენტებმა სამი მთავარი მოთხოვნა დაასახელეს. პირველი – გათავისუფლდეს კონსერვატორიის სტუდენტი ანრი კაკაბაძე; მეორე – კონსერვატორიის რექტორმა გიორგი ვაჩნაძემ გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე; მესამე- გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მოქალაქეები.