კახა კალაძე – მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, როდის აინთება ნაძვის ხე – ახალი წელი ხომ ვერ გადაიდება?

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება უსაფრთხოების მიზნით გადაიდო დროებით, რადგან იყო მძიმე საგნების სროლა სცენის მიმართულებით.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, თუ როდის აინთება ნაძვის ხე.
„რაც შეეხება ნაძვის ხის ანთებას, გუშინ ჩვენ ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება გადაგვედო. შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა. გარდა ამისა, ჩვენ ვიხილეთ, რომ იყო მძიმე ნივთების, ბოთლების სროლა სცენის მიმართულებით, რაც ძალიან ცუდია. იყო აგრესიული ადამიანების ჯგუფი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, განურჩევლად იმისა, ვის, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ჩვენთვის ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე არის ძვირფასი. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დროებით გადაგვედო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. ეს გამომდინარეობდა ზუსტად იმ უსაფრთხოებიდან, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით. მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როდის აინთება ნაძვის ხე. ეს ხომ საბავშვო დღესასწაულია და ამას ხომ ჩვენი შვილები და პატარები ელოდებიან,რომ აინთოს ნაძვის ხე, განათდეს ქალაქის ქუჩები და ასე შემდეგ. ახალი წელი ხომ ვერ გადაიდება? ახლი წელი ხომ ყველა შემთხვევაში შემოდის, შესაბამისად, ღონისძიებაც ჩატარდება. მომდევნო დღეების განმავლობაში ამ ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა კალაძემ.