საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთში ვიზიტს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთში ვიზიტს მართავს.
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ჩეხური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი პეტრ პაველმა სალომე ზურაბიშვილს დღეს დილით პრაღის ციხე-სიმაგრეში უმასპინძლა. პრეზიდენტების პირისპირ კომუნიკაციის შემდეგ დელეგაციები გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი ასევე შეხვდება წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ხოლო სამშაბათს — სენატის სპიკერს.
ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის მიწვევით პაველს სურს, ევროპული საბჭოს სხდომის წინ გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზის მიმართ.
ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების გამო, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა მიმდინარე წლის სექტემბერში წამოიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა პარლამენტმა ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენება ვერ შეძლო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 10 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში გაემგზავრებოდა [მთავრობის ნებართვის გარეშე], ეს იქნებოდა არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევა.
„ასეთი რამ საქართველოს 30-წლიან ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია — არც მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც დანაშაულები ჩაიდინა. მიხეილ სააკაშვილსაც კი საჯაროდ, ღიად ფეხქვეშ არ გაუთელავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და კონსტიტუცია“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო