აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წერილს უგზავნის. ეს არის ამ დროისათვის პირველი მილოცვა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისგან მიიღო. ალიევი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება:
“მჯერა, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის.
რათა უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა, მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზება”, – სწერს ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს.
მილოცვის ტექსტს აქვეყნებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტი.
“დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა. რაც მოხდა ფარსი იყო – ისევე, როგორც რუსეთში, ბელორუსიაში და სხვა ავტოკრატიებში. საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტი ზურაბიშვილია. ივანიშვილი აგრძელებს სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას”,- წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევაზე.
ლიბერალური პოლიტიკური პარტიების მსოფლიო ორგანიზაცია, Liberal interantinal და პარტია ALDE, საქართველოში არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან არჩევნები არ მოიცავდა ოპოზიციის ხმებს, ის [პრეზიდენტის არჩევნები] არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მათი განცხადებით, ისინი განაგრძობენ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აღიარებას.
“ჩვენ ძალიან ვართ იმედგაცრუებული და შეშფოთებული დღეს, ახალი პრეზიდენტის “არჩევით” ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, სადაც დომინირებს მხოლოდ “ერთი პარტიის” პარლამენტი, რომელიც შეიქმნა სადავო არჩევნების შემდეგ. ვინაიდან არჩევნები არ მოიცავდა ოპოზიციას, ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
ჩვენ ვაგრძელებთ აღიარებას ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და მისი მიღწევების, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვგმობთ “ქართული ოცნების” არაკონსტიტუციური ქმედებების შედეგებს და დემოკრატიულ უკუსვლას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში და მოვუწოდებთ ქვეყნებს, გაიმეორონ და გააფართოონ სანქციები, რომლებიც უკვე დაწესებულია აშშ-ის, უკრაინის მიერ და ევროკავშირისგან მოსალოდნელია პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ “უცხოელი აგენტების რუსული კანონის” და ანტიდემოკრატიული პრაქტიკის მიღებაში,” – წერია განცხადებაში.
“საარჩევნო კოლეგიის ნახევარი პარლამენტია. “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო საქმეების განხილვისას და პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, უკანონოდ მოიწვია პარლამენტი. ამრიგად, კოლეგია არ არის ჩამოყალიბებული. ანუ არჩევნები არ არის ლეგიტიმური”- ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი და NDI-ის ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონ წერს .
ავსტრიელი სოციოლოგი, European Stability Initiative-ის თანადამფუძნებელი ჯერალდ კნაუსი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მეცნიერი X-ზე თბილისში მიმდინარე პროტესტის ფოტოსაც აქვეყნებს.
“სრული ავტოკრატიის დამყარების წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტში ქართველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოავლინეს შესანიშნავი გამძლეობა, ფიზიკური სიმამაცე და მონდომება.
მათ იციან რა დევს სასწორზე. დიდ უმრავლესობას არ სურს გახდეს ბელარუსი, აზერბაიჯანი ან დნესტრისპირეთი.
ისინი დიდი ხანია გაფრთხილებულები არიან, იმის შესახებ თუ რა გეგმავს ოლიგარქი ივანიშვილი – “კავკასიის მაკბეტი” და მილიარდერი, რომელმაც თავისთვის პარტია იყიდა.” – წერს ჯერალდ კნაუსი .
“მიხეილ ყაველაშვილი უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკო”, – ასე ეხმაურება “ოცნების” მიერ ახალი პრეზიდენტის არჩევას პოლონელი X-ზე ევროპარლამენტარი მიჰაუ შჩერბა.
როგორც შჩერბა წერს, ერთადერთი კანონიერი, კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
“სალომე ზურაბიშვილი არის და დარჩება საქართველოს პრეზიდენტად. ევროპარლამენტი არ ცნობს არასამართლიან არჩევნებში არჩეულ “პარლამენტს”. მკაფიო პოზიცია გამოხატულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მაშასადამე, ევროკავშირის ინსტიტუტები ვერ ცნობენ მისი მონაწილეობით რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის, ე.წ. “საარჩევნო კოლეგიის” [ხმოსნების] უკანონო შედეგებს. მიხეილ ყაველაშვილი უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკო. ერთადერთი კანონიერი, კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პარტნიორი ევროკავშირისთვის”, – წერს შჩერბა.