არის ელემენტარული ზრდილობის წესები სტატისტიკაში, სოციოლოგიაში, რომელსაც ეს კვლევა არ აკმაყოფილებს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილი აცხადებს, რომ NDI-ს კვლევის შედეგებს ვერ ენდობა.
„NDI ამ ქვეყანაში ყველაზე ცუდ კვლევებს აკეთებს. აი “გორბიც” კი უკეთეს კვლევებს ატარებს ჩემი აზრით, ვიდრე NDI. როცა ათას კაცს ჰკითხე და 28 პროცენტი გპასუხობს მხოლოდ და იქიდან (28 პროცენტიდან, ვინც გიპასუხა) 65 პროცენტი არ გეუბნება რომელ პარტიას უჭერს მხარს და შენ ამის შემდეგ ბედავ, რომ პარტიების რეიტინგი დაწერო, უბრალოდ ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება ამას ენდო?! რომ გამოაქვეყნეს ასეთი კვლევა, ესაა სასაცილო,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამია, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
ამასთან, ნათქვამია, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს. რომელი პარტია დგას თქვენთან თქვენს შეხედულებასთან, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:
47% – არცერთი პარტია
19% – „ქართული ოცნება“
13% – უარი პასუხზე
6% – არ ვიცი
4% – „ნაციონალური მოძრაობა“
12% – სხვა პარტიები
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.