ევროპარლამენტარები სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ. როგორც ჟურნალისტმა და ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წამყვანმა, ზაალ უდუმაშვილმა შეხვედრის წინ მედიას განუცხადა, ევროპარლამენტარების ჩამოსვლა „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, რადგან ქვეყანა „ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია შესული“.
„ვიცით, რომ ორშაბათს ევროკავშირი სავარაუდოდ, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით. მანამდე ამ დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისშია შესული და ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ბუნებრივია, სწორედ ეს იქნება საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. ამასთან, მთავარი თემა იქნება ის სისასტიკე და ის ძალადობა, რომლის წინაშეც ყოველდღე ჟურნალისტებს უწევთ გამკლავება. ჩვენ ვხედავთ, რომ ორი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად, არ დარჩა კრიტიკული მედია, რომლის წარმომადგენელიც არ სცემეს. დღეს, მედია ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა ოლიგარქის რეჟიმის. ბუნებრივია, ესეც იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ჩვენი მოწოდებაც და თხოვნაც იქნება, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და ზეწოლა იყოს ევროკავშირის მხრიდან ოლიგარქის რეჟიმზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარებმა შეხვედრა უკვე გამართეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.