რუსულ კომპანია “გაზპრომ ექსპორტთან” ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტრაქტი გაწყვიტა ცენტრალურ ევროპაში უმსხვილესმა, ნავთობისა და გაზის ავსტრიულმა კომპანია OMV-მ. ხელშეკრულება 2006 წელს გაფორმდა და 2040 წლამდე უნდა ყოფილიყო ძალაში. ამის შესახებ კომპანიამ თავის ვებსაიტზე განაცხადა. OMV-ის მენეჯმენტმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა “გაზპრომ ექსპორტის” (“გაზპრომის” შვილობილი კომპანია) მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების მრავალი მნიშვნელოვანი დარღვევით.
კომპანია OMV-ის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ მისი გაზსაცავი ობიექტები 85%-ით არის სავსე და კომპანია ირწმუნება, რომ შეუძლია თავისი ვალდებულებები ალტერნატიული წყაროების საშუალებით შეასრულოს. მათ შორის – ნორვეგიასა და ავსტრიაში საკუთარი გაზის მოპოვებითა და თხევადი ბუნებრივი აირის დამატებითი გრძელვადიანი მიწოდების გზით.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გაზის მიწოდებაში შეფერხებებმა იჩინა თავი. კომპანია OMV-მ “გაზპრომის” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა საერთაშორისო არბიტრაჟში განსახილველად და 243 მილიონ ევროზე მეტი ზიანის კომპენსაციას მიაღწია. გარდა ამისა, ავსტრიის გაზის ქსელის ოპერატორებსა და “გაზპრომს” შორის ხელშეკრულება 2024 წლის სექტემბერში დასრულდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავსტრიული კომპანიის ქცევას უსამართლო უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არ აპირებს “ქველმოქმედების კეთებას.”
ავსტრია ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომლებიც კვლავაც რუსულ გაზზე არიან დამოკიდებული. ავსტრიას რუსეთის ბუნებრივი აირი მიეწოდება გაზსადენების მეშვეობით, მათ შორის – უკრაინის ტერიტორიის გავლით. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ, “გაზპრომთან” ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.