თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება.

“როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთაველის გამზირისა, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მინდა, მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება შაბათს, 14 დეკემბერს და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები.

მინდა გითხრათ, რომ თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე ლამაზი საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა; სადაც პატარები ნახავენ ნამდვილ დღესასწაულს და გაერთობიან. ყველა პირობა იქნება ამისთვის შექმნილი”. – თქვა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მასშტაბური აქციების შესახებ, რომლებიც თბილისის ქუჩებში 28 ნოემბრიდან ყოველდღიურად იმართება თქვა, რომ “გარკვეული ძალები” ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობდნენ”, თუმცა, კალაძის მტკიცებით, “ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე”.

“სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ არიან გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობდნენ.

თუმცა, მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და გითხრათ, რომ ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ერთად ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და გელოდებით ყველას შაბათს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე, შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. რაც მთავარია, აუცილებლად ჩაიცვით თბილად, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები”. – თქვა თბილისის მერმა.