საქართველოს პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების ყვითელი დონე” გააუქმეს

დღეიდან, 12 დეკემბრიდან, „გაუქმებულია პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე”. ეს ნიშნავს, რომ თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, პარლამენტში პროფესიულ საქმიანობას შეძლებენ ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტები და არა მხოლოდ ტელემედიის.
ინფორმაცია, რომ „უსაფრთხოების ყვითელი დონე” გაუქმებულია, პარლამენტის პრესსამსახურმა გასულ ღამით გაავრცელა.
საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების „ყვითელი” თუ „წითელი” დონეები ცხადდება მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე.
„უსაფრთხოების ყვითელი დონე” ნიშნავს, რომ შენობაში, მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან „მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები” და მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები.
თუ „წითელი დონე” მოქმედებს, შენობაში ვერ შევა ვერავინ, გარდა „პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”.
ოპოზიციური პარტიების და საქართველოს პრეზიდენტის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, 2024 წლის 25 ნოემბერს, პარლამენტში „უსაფრთხოების ყვითელი დონე” მოქმედებდა.
ის „წითელი დონით” შეცვალეს 29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები დაიწყო „ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
6 დეკემბერს „წითელი დონე” გაუქმდა და ისევ „ყვითელი” ამოქმედდა.
შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე მედიასაშუალებებს(გარდა ტელემედიის) არაერთხელ შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა. მათ შორის რადიო თავისუფლებას.
პარლამენტის შენობაში „ყვითელი დონე” მოქმედებდა, მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზეც, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”