“გავიფიცებით ყოველდღე, 2 საათის განმავლობაში” – GPI-ის თანამშრომელთა ნაწილი

12 დეკემბერს სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” თანამშრომელთა ნაწილი ორი საათით გაიფიცა – როგორც GPI-ში BMG-ს დაუდასტურეს, გაფიცვას მონაწილეები კომპანიის ყველა რგოლის წარმომადგენელი უერთდება.
გაფიცვის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე BM.GE “ჯიპიაი ჰოლდინგის” ციფრული მარკეტინგის სპეციალისტს, სალი ბაქრაძეს ესაუბრა. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი ყოველ დღე გაიფიცებიან, ხვალ კი დაგეგმილია მსვლელობა, რომლითაც გაფიცულები რუსთაველის გამზირზე მთავარ აქციას შეუერთდებიან.
“დღეს გაფიცვა შედგა ძალიან სპონტანურად, უბრალოდ გარეთ გავედით, მოუმზადებლად. სპონტანურად გაიფიცა GPI-ის თანამშრომელთა ნაწილი, მაგრამ რადგან ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესცენტრში, როდესაც შენობაში მოქმედი კომპანიების თანამშრომლებმა დაინახეს ჩვენი გაფიცვა, შემოგვიერთდნენ. გადავწყვიტეთ, რომ გავიფიცოთ ყოველ დღე, 2 საათის განმავლობაში. ხვალ მსვლელობა გვაქვს დაგეგმილი 17:00 საათზე, შევუერთდებით მთავარ აქციას პარლამენტთან.
რაც შეეხება მიზნებს, როგორც რუსთაველზე ვითხოვთ ყველა, დაინიშნოს ხელახალი და გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული პირები, იმავეს ითხოვენ ჩვენი თანამშრომლებიც – ამბობს სალი ბაქრაძე.
“ჯიპიაი ჰოლდინგი” იმ ათეულობით კომპანიებს შორისაა, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, გაემიჯნენ და დაგმეს ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეებზე. როგორც ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა, პაატა ლომაძემ “ბიზნესის კვირეულის” სპეციალურ ეთერში განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფაქტობრივი ხელისუფლება ვალდებულია, გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ, იმისთვის, რათა ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შესვლას ასცდეს.