დაუსრულებელი მშენებლობებისთვის შეღავათები 3 წლით ხანგრძლივდება – კანონპროექტი

“ქართული ოცნების” პარლამენტი დაუსრულებელი მშენებლობებისთვის საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებას გეგმავს. უფრო კონკრეტულად საუბარია 2020 წელს ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ამოქმედებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც დაუმთავრებელი მშენებლობები გათავისუფლდნენ სპეციალური (ზონალური) შეთანხმებების გაცემისთვის მოსაკრებლის გადასახადისგან, თუმცა იმ დათქმით, რომ 2025 წლის 1 იანვრამდე მშენებლობა ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული.
ახლა კი, კანონპროექტის ავტორები წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაში აღნიშნავენ, რომ 2025 წლის 1 იანვრამდე კომპანიები, რომლებმაც გადაიბარეს დაუსრულებელი მშენებლობების პროექტები ვერ ასწრებენ მის დასრულებას და ექსპლუატაციაში მიღებას, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, მათივე შეფასებით, პანდემიის ხანგრძლივი პერიოდია. შესაბამისად, მათი თქმით, აუცილებელია დადგენილი ვადების გახანგრძლივება მოხდეს და ამ კომპანიებმა შეღავათებით სარგებლობა 2028 წლის 1 იანვრამდე შეძლონ.
კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები იქონიებს გავლენას ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელი წარმოადგენდა ადგილობრივ მოსაკრებელს, რომელიც სრულად ირიცხებოდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
კანონპროექტის ავტორები არიან: მაია ბითაძე, , აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე, ნიკა ელისაშვილი.