ღამის კლუბები ფინანსურ კრიზისში არიან და დახმარებას ითხოვენ

ღამის კლუბები მიმდინარე მოვლენების პარალელურად კრიზისში არიან და სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვენ.
კლუბი “ხიდი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც სისტემას სურს, რომ სისტემამ საზოგადოებაში შიში დათესოს.გამომდინარე აქედან, უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებამ მას დაუპირისპიროს ერთიანობა და სიმტკიცე.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კლუბი დგას გაქრობის საფრთხის წინაშე, შესაბამისად, დონაციის საშუალებით დახმარებას ითხოვს.
“ავტორიტარული რეჟიმი ყოველდღიურად აკავებს და სასტიკად უსწორდება თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანებს. სისტემა მათ გასაჩუმებლად იყენებს ისეთ დანაშაულებრივ მეთოდებს, რომლებიც აშკარად იძენს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სახეს. მიუხედავად ამისა, ადამიანები არ უშინდებიან ხმის ამაღლებას და ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ საკუთარი მტკიცე და ურყევი პოზიციის დაცვას სისტემას სურს დათესოს შიში.
გამომდინარე აქედან, უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებამ მას დაუპირისპიროს ერთიანობა და სიმტკიცე. სწორედ ამიტომ, არც ჩვენ ვაპირებთ გაჩუმებასა და მოცემულთან შეგუებას, ვინაიდან KHIDI არაერთი სირთულის და საშიშროების მიუხედავად, ყოველთვის იდგა სიმართლის მხარეს. თუმცა ახლა, არსებული კრიზისული მდგომარეობისდა გამო, მივედით ისეთ მდგომარეობადე, როდესაც კლუბი დგას გაქრობის საფრთხის წინაშე. ეს საშიშროება არასდროს ყოფილა ასეთი რეალური. გამომდინარე აქედან, გთხოვთ, დონაციის საშუალებით, დაგვეხმაროთ მრავალი წლის განმავლობაში ნაშენები თავისუფალი და უსაფრთხო სივრცის შენარჩუნებაში იმ ადამიანებს კი, რომლებსაც შეძენილი ჰქონდათ 29 ნოემბრის ივენთის ბილეთი, იმეილის საშუალებით მიუვათ ინფორმაცია და ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეძლებენ მის დაბრუნებას/გაცვლას”, – ვკითხულობთ ღამის კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კლუბი “ბასიანი” სოციალურ ქსელში სოლიდარობას უცხადებს მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ ის კვლავ დახურული რჩება. თუმცა, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, სივრცის შესანარჩუნებლად დახმარებას ითხოვს.
“საქართველო უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რომელიც გაყალბებული თ, სისტემური რეპრესიებითა და ავტორიტარიზმის საგანგაშო ზრდით ხასიათდება. ბოლო 12 დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციების, დარბევისა და ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმის პარალელურად, 500-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, რომელთა 80%-ზე მეტი ციხეში ფიზიკურ შეურაცხყოფას, წამებასა და დამცირებას ექვემდებარება.
„ბასიანი“ რჩება დახურული, როგორც სოლიდარობის აქცია. კრიზისი მიწისქვეშა კულტურის მთელ ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის. ხალხის მოძრაობა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანები სამართლიანობისთვის, თანასწორობისა და დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისობაში იბრძვიან.
ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ კოლექტიურ ბრძოლაში ჩვენ გვერდით დადგნენ, გააძლიერონ ჩვენი ხმა და სივრცეს დაეხმარონ, საზოგადოების, ტრანსფორმაციული მოძრაობისა და წინააღმდეგობის აქტების შენარჩუნებას შემოწირულობით”,- აცხადებს “ბასიანი”.
თბილისში მდებარე “დედაენის ბარი”, რომელიც აქციის მონაწილეებს ამ დღეების განმავლობაში ცხელი საკვებით, სასმელითა და დასვენების შესაძლებლობას სთავაზობდა, ფინანსურს კრიზისს განიცდის და სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დონაციის საშუალებით დაეხმარონ.
“მეგობრებო, გვეამაყება გადამწყვეტ ბრძოლაში თქვენს გვერდით დგომა. უწყვეტი პროტესტის პარალელურად დედაენის ბარში ვამუშავებთ სახალხო სამზარეულოს. დემონსტრაციის მონაწილეებისათვის ვამზადებთ წვნიანს, ფალაფელს, ღვეზელებს, კაკაოს და სხვა ცხელ სასმელებს – ჩვენთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია უსასყიდლოდ მიირთვას.
დღეს ჩვენი ბარი სივრცეა, სადაც შესვენება, გათბობა, სულის მოთქმაა შესაძლებელი. დაგვიდგა მომენტი, როცა მიმდინარე ხარჯებს მარტონი ვეღარ ავუდივართ. თუ თვლით, რომ დედაენის ბარის არსებობა საჭიროა და ამ საქმეში შემოხიდება გაგიხარდებათ, შემოგვიერთდი პატარა დონაციით, ანგარიშის ნომრებს დავურთავთ კომენტარებში. ჩვენ ერთად ვართ! უკან დასახევი გზა არ არსებობს. უნდა გავიმარჯვოთ!”, – ნათქვამია განცხადებაში.
ღამის კლუბი Left Bank სოციალურ ქსელში იმ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისევე როგორც თბილისის სხვა სახელოვნებო დაწესებულებები, დახურვის პირასაა.
“საქართველო მწვავე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, სადაც მმართველი ძალა ყოველდღიური ძალადობითა და მასობრივი დაკავებებით ცდილობს პროტესტის ჩახშობას. „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კრიმინალური დაჯგუფებები თავს ესხმიან და სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს. ძალოვანი სტრუქტურები უკანონო რეიდებს ატარებენ აქტივისტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. დაკავებულია ასობით ადამიანი, რომელთა უმეტესობაც ნაწამებია და მძიმედაა დაზიანებული.
ამ ყველაფერს ემატება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაც. კულტურული სივრცეები, მცირე ბიზნესები, მასწავლებლები და თეატრის მუშაკები მასობრივ გაფიცვას შეუერთდნენ, რითაც საკუთარ საარსებო წყაროს სწირავენ, მიუხედავად იმისა, რომ დანაზოგი არ გააჩნიათ. შედეგად, Left Bank, ისევე როგორც თბილისის სხვა სახელოვნებო დაწესებულებები, დახურვის პირასაა. როგორც სხვა დროს, ახლაც, პროტესტის პირველივე დღეებში, გავაუქმეთ ყველა დაგეგმილი ღონისძიება, რაც უმძიმეს ფინანსურ ტვირთად გვაწვება და გაქრობის საფრთხის წინაშე გვაყენებს.
ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოში არსებულ ფართომასშტაბიან კრიზისს – უამრავ სექტორს სჭირდება მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს დახმარების თხოვნა არ არის იოლი, ეს ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა. გვესმის, რომ ამ მძიმე ვითარებაში ყველას უჭირს, თუმცა თანხის ჩარიცხვა არ არის ერთადერთი დახმარების გზა”, – ვკითხულობთ ბარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს ასევე ღამის კლუბი Tes. განცხადებაში ღამის კლუბი აცხადებს, რომ ისინი პირველივე დღიდან შეუერთდნენ პროტესტს და გააუქმა ყველა დაგეგმილი ღონისძიება. ახლა კი მათ დახმარება სჭირდებათ, რათა საკლუბო კულტურა შეინარჩუნონ და გააძლიერონ.
“საქართველოს ქალაქებში უკვე კვირაზე მეტია უწყვეტი დემონსტრაციები მიმდინარეობს. არსებული პოლიტიკური მდგომარეობა უფრო მწვავეა ვიდრე ოდესმე. 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ პროევროპული გეზი დეკლარირებულად უარყო, 2024 წლის 2 დეკემბერს კი ანტი LGBTQ+ კანონი აამოქმედა, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა უამრავი ადამიანი და უსაფრთხო სივრცე.TES საქართველოს კლუბებთან ერთად პირველივე დღიდან შეუერთდა სახალხო პროტესტს და გააუქმა ყველა დაგეგმილი ღონისძიება.
გვჯერა, რომ ამ რთულ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობა და იმ ადამიანების მხარდაჭერაა, რომლებიც პროტესტს უცხადებენ მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ თავისუფლებისა და თანასწორობის იდეალები და ერთად ვეძებოთ გამოსავალი.საკლუბო კულტურა, რომელიც მუდამ გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანების უფლებების სადარაჯოზე იდგა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამ სივრცეების დახურვამ უარყოფითად იმოქმედა როგორც მსმენელზე, ისე კლუბის თანამშრომლებზეც. დღეს ამ კულტურის შენარჩუნება და გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენი გვერდში დგომა მნიშვნელოვანია”,- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.