კახა კალაძე სასურსათო ობიექტებსა და სააფთიაქო ქსელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნარჩენი მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ და ნუ დააბინძურებენ გარემოს

კახა კალაძე სასურსათო ობიექტებსა და სააფთიაქო ქსელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნარჩენი მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ და ნუ დააბინძურებენ გარემოს
თბილისის მერი სასურსათო ობიექტებსა და სააფთიაქო ქსელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნარჩენი მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ და ნუ დააბინძურებენ გარემოს.
როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კომერციული ობიექტები საწარმოო ნარჩენების ურნებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წესის დარღვევით განთავსებას განაგრძობენ.
„სამწუხაროდ, დედაქალაქში კვლავ გრძელდება კომერციული ობიექტების მიერ ნარჩენების კონტეინერებში და მიმდებარედ, მათივე საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენის განთავსება. ძირითადად, ესენია დაუშლელ მდგომარეობაში მუყაოს ყუთები და სხვა შეფუთვის ნარჩენი, ავტომობილის მეორადი ნაწილები, ზეთები, სხვადასხვა საწარმოო ნარჩენი და ჩამოწერილი პროდუქტი. ამ ყველაფრის ურნებში და მიმდებარედ განთავსება აკრძალულია და კანონის შესაბამისად, ფულად ჯარიმას ითვალისწინებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა, დიდი სუპერმარკეტებისა და კომპანიების ნაწილი კვლავ არღვევს დადგენილ წესს.
„თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილია დედაქალაქში ნარჩენების მართვის წესი, რომლის დარღვევაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა სასურსათო ობიექტს და თითოეულ სააფთიაქო ქსელს, მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ ნარჩენი და ნუ დააბინძურებენ გარემოს, ითანამშრომლონ „თბილსერვის ჯგუფთან“. ჩვენ გვაქვს სპეციალური სერვისი, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება და ყველანაირად დაგეხმარებით, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ვხედავთ კონკრეტულ ადგილებში. ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში. ვფიქრობ, ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანები ხართ, გიყვართ ჩვენი ქალაქი და ერთად ვიზრუნოთ მასზე. ითანამშრომლეთ „თბილსერვის ჯგუფთან“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – აღნიშნა თბილისის მერმა.