სუბარი ფიქრობს, რომ სამართალდამცველებისთვის ხელფასების მომატება აუცილებელია

ხალხის ძალის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ სამართალდამცველების ხელფასები იმ შრომის ადეკვატური არ არის, რასაც, მისი თქმით, ეს ადამიანები გასწევენ.

“პრაქტიკულად, დღეს საქართველო არის რეგიონში, სადაც ყველგან ომია და ყოველწუთიერად მცდელობაა, რომ ჩვენც ამ ომის რაღაც ნაწილი გავხდეთ. საქართველოს უსაფრთხოება დგას ჩვენს სამართალდამცველებზე – მათ გამართულ მუშაობაზე, სამშობლოსა და კონსტიტუციის მიმართ ერთგულებაზე. ხელფასები ნამდვილად არ არის იმ საფრთხეების, გამოწვევებისა და შრომის ადეკვატური, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.

ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ ხელფასების არა 10%-იან, არამედ 20%-იან ზრდას, ვფიქრობ, ბიუჯეტში ამის საშუალება მოინახება. ამას დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის დამატება დასჭირდება […] ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ბურჯებს, რასაც სამართალდამცავი სისტემა და ჯარი ჰქვია, ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ”. – თქვა სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

საქართველოს ბიუჯეტის პროექტით, 2025 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული.