სათამაშო ბიზნესს მოგების გადასახადი 5%-ით ეზრდება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. ,,ქართული ოცნების“ განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა სათამაშო ბიზნესისთვის. ამბობენ, რომ ყოველ წელს მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე ინფორმაციას ტელევიზორიდან იგებენ. საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ მოგების გადასახადის გაზრდით მთავრობა ბიუჯეტის შევსებას ცდილობს. მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლასა და ახალი ობიექტების გახსნას ხელს შეუშლის. გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ახლა კონსულტაციებს გამართავენ, რათა ერთიან ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
,,ყოველ წელს გვეზრდება გადასახადები. შესაბამისად, რა გავლენაც გამოიწვია წინა შემთხვევაში, იგივე იქნება ახლაც. ახალი ინვესტორი არ შემოვა და ახალ ობიექტებს არ გახსნის. ბიუჯეტის შევსება უნდათ ჩვენს ხარჯზე. მეტი არაფერი. დადებითად ამას ვერავინ შეაფასებს. გამოდის, რომ ყოველ წელს მთავრობა ტრადიციას არ ცვლის ბიზნეს გადასახადების მიმართ. რეალურად, წლის ბოლოს დააფინალეს იმით, რომ გააუარესეს ბიზნესისთვის მდგომარეობა. ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები ერთმანეთში თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მაგრამ რეალურად, რაც 22-ში მოხდა ბიზნესი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა და რეალურად ძალიან ბევრი არალეგალური ოპერატორი გაჩნდა საქართველოში. ფაქტობრივად იგივე ნიშნულზე დავალთ. ბიზნეს 2 წელი დასჭირდა, რომ ამოსულიყო ამ მდგომარეობიდან და შეცვალოს ბაზარზე მდგომარეობა. ახლა ფაქტიურად ამ გადასახადების გაზრდით მოგვიწევს ისევ რაღაცების ოპტიმიზაცია. იმედია დაგვიძახებენ კონსულტაციებზე და მერე კონსულტაციების შედეგად გამოჩნდება რა შეიცვლება. როგორც წესი ყოველ წელს ტელევიზიით ვიგებთ ცვლილებების შესახებ.’’- აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ თანხების ოპტიმიზაციის პროცესში ბიზნესს თანამშრომლების შემცირება მოუწიოს.
,,ბიზნეს ყველა ვარიანტში მოუწევს რაღაცების ოპტიმიზაცია. მათ შორის, შეიძლება იყოს თანამშრომლების შემცირებაც. შიგნით გავივლით კონსულტაციებს ბიზნესთან, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ჯერ პოზიცია არ გვაქვს. გუშინ საღამოს გავიგეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ.’’- აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.
