ბათუმში, აქციის მონაწილეები ხელოვნების უნივერსიტეტამდე მსვლელობას მართავენ, სადაც დეკანი და 4 სტუდენტი დააკავეს

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელოვნების უნივერსიტეტთან მიემართებიან, სადაც დღეს უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი დააკავეს. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულებს სოლიდარობის გამოუცხადებენ.
“სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს, მარშის დროს ძალიან ბევრი თანაქალაქელი გვიერთდება და სოლიდარულები არიან უკანონო დაკავებულების მიმართ, რეჟიმი უნდა დაინგრეს, საქართველოს მომავალი ევროპაშია”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ დეკანი და მისი სტუდენტები მოგვიანებით რექტორის მეუღლეს და მის მეგობარს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიციამ ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.