ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“, რომელიც ხელისუფლების მიერ დემონსტრაციების კრიტიკისა და დარბევის პარალელურად სათვალეების, ნიღბებისა და ჩაფხუტების მარაგების გაყიდვებიდან ამოღების გამო გაეხვა სკანდალში, ამ პროდუქციას თანამშრომლებს ურიგებს „პირადი სარგებლობისათვის“.
ამ შინაარსის ტექსტი კომპანიამ 9 დეკემბერს გაუგზავნა თანამშრომლებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას „გორგიაში“ უდასტურებს წყარო, რომელმაც უსაფრთხოების მოტივით ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ამასთან, „გორგიას“ მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილს ფეისბუკზე აქვეყნებს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი დოდი ხარხელი. ამ წერილის თანახმად, „გორგიას“ ადმინისტრაცია თანამშრომელს სწერს:
„პროდუქტების თაროებზე დაბრუნებამ უფრო დიდი დრო მოითხოვა, ვიდრე ვვარაუდობდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, არსებული მარაგები თქვენთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, სრულიად უსასყიდლოდ, პირადი სარგებლობისათვის“.
მანამდე „გორგიამ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ „გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს“, მათაც შეეზღუდათ „გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია“.
თუმცა კომპანია განცხადებაში არ აზუსტებს, რა ფორმით მოხდა ეს შეზღუდვა და ვის მიერ.
რადიო თავისუფლება ცდილობს ამ ინფორმაციის კომპანიასთან დაზუსტებას, თუმცა უშედეგოდ.
„გორგია“ განცხადებაში ასევე წერს, რომ „გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია“ ასევე „შეეზღუდა“ ცალკეულ მაღაზიებს.
რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას ჰიპერმარკეტების ქსელ „დომინოში“.
„გორგია“ გასულ დღეებში რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ, რაც თქვეს, რომ კომპანიას საწყობში ჰქონდა სათვალეები, ნიღბები და ჩაფხუტები, თუმცა ისინი „მომხმარებლებს გადაუმალა“.
ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი რომელაშვილმა, 8 დეკემბერს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს საწყობში შენახული ეს პროდუქცია.
„გორგია“ 9 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე“.
„ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი“, – წერია კომპანიის 9 დეკემბრის განცხადებაში.
გიორგი რომელაშვილის გარდა, „გორგია“ დატოვა კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თურქაძემ.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი ამ კვირაში განიხილავს „პიროტექნიკის რეგულირებას“ და აქციებზე ნიღბების აკრძალვას.
მეთორმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომიტინგეებს არბევს.
ფორუმი