ანასტასია გეგეჭკორი: არ მაქვს უფლება ფარ-ხმალი დავყარო, ამ უსამართლობას და იგივე მტერს, ყველა ჩემთვის შესაძლო ფორმით არ დავუდგე მაგრად და ამ სიმტკიცით გავაგრძელო სვლა

“ეს დღეები, რაც ამ ქაოსსა და საშინელებაში ვართ, სულ ჩემს დიდ ბაბუაზე, ბიძინა რამიშვილზე ვფიქრობ.
ბიძინა პოლიტიკური ეკონომიის დოცენტი იყო. განათლება გერმანიაში მიიღო ისეთი ხალხისგან, როგორებიც იყვნენ ჰუსერლი, ჰაიდეგერი და სხვანი. 1924 წელს დაბრუნდა საქართველოში და ჯავახიშვილში დაიწყო საგანმანათლებლო საქმიანობა.
1937 წელს დააკავეს სახელმწიფო გადატრიალების ინტელექტუალური ლიდერობის ბრალდებით. დღეების განმავლობაში აწამებდნენ, რომ მისი კოლეგები და მეგობრები თანამზრახველობაში “ემხილა”. ერთ დილას, როდესაც საწამებლად მიჰყავდათ, მოასწრო, კიბის მაღალი უჯრედიდან გადახტა და თავი მოიკლა.
ხშირად ვფიქრობ, ნეტა რა ტრიალებდა მის თავში ამ დროს. ალბათ ფიქრობდა, რომ ვეღარ უძლებდა ამდენ წამებას და სხვების სიცოცხლისა და თავისი სიძლიერის შენარჩუნებისთვის დათმო ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე.
თუ მან შეძლო ამგვარი სულიერი სიმამაცის შენარჩუნება, მაშ ჩემშიც ხომ არის მისი სისხლი და სადღაც მისი სული მეც თან დამყვება. მე ბიძინა რამიშვილის გარდა, კიდევ ბევრი წინაპრის გამოვლილი გზა მიმითითებს, როგორ ვიცხოვრო. როდესაც ვფიქრობ, ფაქტობრივად ობლად დარჩენილი ბებიაჩემი, ნათელა ურუშაძე როგორ წავიდა რუსეთში გადასახლებული დედის სანახავად სრულიად მარტო, 21 წლის ასაკში, გამოდის მეც ბევრი რამის ატანას შევძლებ. თუ მან
ამდენი შეძლო, მე რა უფლებით შევუშინდე
ჩვენს დღევანდელობას?!
დარწმუნებული ვარ, ყველას გვაქვს ის ფიქრი, რის საფუძველზეც დღეს გული და პოზიცია მაგრად გვიჭირავს და ზურგს გვიმაგრებს.
და ახლა, როდესაც უკვე როგორი დაღლილები ვართ, როგორი გაბრაზებული და უსამართლობასთან პირისპირ შიშველი ხელებით დარჩენილი, განსაკუთრებით ამ ჩემს გზის გამკვალავ ხალხზე ვფიქრობ და ეს ფიქრები და მაგალითები მაძლევს ენერგიას. არ მაქვს უფლება ფარ-ხმალი დავყარო, ამ უსამართლობას და იგივე მტერს, ყველა ჩემთვის შესაძლო ფორმით არ დავუდგე მაგრად და ამ სიმტკიცით გავაგრძელო სვლა. არ მაქვს უფლება. არ გვაქვს უფლება!” – წერს სოციალურ ქსელში იურისტი ანასტასია გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს