ერთი მეტრი გმირობიდან ანტიგმირობამდე, ანუ რატომ სძულს ზოგიერთს კვარაცხელია

თვით უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლის“ მიერ სკუდეტოს მოგება დიდწილად ს დამსახურება გახლდათ. იმავეს მოლოდინი იყო ამ სეზონშიც, მაგრამ ჯერჯერობით იმედები არ მართლდება, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები აქვს. და ყველაფერი უცბად კვარაცხელიას დაჰბრალდა, ნეაპოლური გამოცემების კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა და არც თანამემამულეებმა დაინდეს, თუმცა ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.
ახალ გუნდში მეორე სეზონი ფეხბურთელისთვის ყოველთვის რთულია, მით უმეტეს, ხვიჩასთვის, რომლის თამაში შეისწავლეს
და უკვე 2-3 მეურვე ჰყავს. მთლიანად გუნდზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ხელფასები არ მოუმატეს და შემადგენლობა არ გააძლიერეს. პირიქითაც შეიძლება ითქვას, კიმ მინ ჯეს გაყიდვის გამო დაცვაში სერიოზული პრობლემა შეიქმნა, რამეთუ, როდესაც დიდ გუნდებს ხვდებიან და თანაბარი თამაში მიდის, დაცვის ცენტრი გადამწყვეტი მნიშვნელობის შეცდომას უშვებს. თორემ „ნაპოლი“ უკანასკნელ ხანს წაგებულ მატჩებში მეტოქეებზე უარესად არ გამოიყურებოდა. საქმე ისაა, რომ თუ მოწინააღმდეგეებმა „კვარას“ და ვიქტორ ოსიმენის განეიტრალება მოახერხეს, ნეაპოლელებს თამაშის საკუთარ თავზე ამღები სხვა არავინ ჰყავთ. ეს ფაქტია და სწორედ ამას გაუსვა ხაზი ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ, რომ როდესაც ლიდერებს გასაქანს არ აძლევენ, დანარჩენებს მართებთ თავის გამოჩენა.
რაც შეეხება უშუალოდ ხვიჩას, კარგ ფორმაშია, უბრალოდ, იმხელა ტვირთი აჰკიდეს, შეუძლებელია უკეთ წარმოაჩინოს თავი. ადამიანს აქვს თავისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი, არ შეიძლება მთელ ფლანგზე იმოქმედოს, დაცვასაც დაეხმაროს, მერე დრიბლინგი განახორციელოს და გოლები გაიტანოს. ამას ენერგიის დაზოგვა სჭირდება. ერთ მაგალითს გავიხსენებ: ძველ თბილისის „დინამოს“ მოწინააღმდეგემ შეუტია და დავით ყიფიანმა დაცვის დასახმარებლად უკან დაიხია, ნოდარ ახალკაცმა კი დაუძახა, რას შვრები, დათო, ვინც გმეურვეობს, ისინიც ჩვენს საჯარიმოში ჩამოგყავსო. „კვარა“ დაცვითი ფუნქციებიდან უნდა გათავისუფლდეს და მეორე თავდამსხმელი გახდეს, ასე გაცილებით სასარგებლო იქნება, თუმცა ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ანალოგიური პრობლემა იტალიის ნაკრებში თვით რობერტო ბაჯოს ჰქონდა და რა გასაკვირია, რომ ხვიჩას „ნაპოლიში“ შეექმნა. მას კიდევ უფრო გაურთულდა სიტუაცია მარცხენა მცველების, მარიო რუისა და მატიას ოლივეირას ტრავმების გამო, რამეთუ ფლანგზე სათანადო მხარდაჭერის გარეშე დარჩა.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ბოლო შეხვედრებში „კვარას“ მეტოქე გუნდში თამაშის შემთხვევაში „ნაპოლის“ სუსტ დაცვასთან როგორ გაუადვილდებოდა საქმე. „იუვენტუსთან“ კარს ერთი მეტრით ააცილა ბურთი და განტევების ვაცად აქციეს, ყველა ცოდვა დააბრალეს, ყველა ძველი დამსახურება დაუვიწყეს ფეხბურთელს, რომელსაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს. ყოველი მატჩის შემდეგ „კვარას“ შეფასებებს გაცნობთ, რომლებიც განსხვავებულია. ანალიტიკური საიტები მუდამ მაღალ ქულებს უწერენ, ხოლო იტალიური გამოცემები – პირიქით. Sofascore-ი, Whoscored-ი და flashscore-ი ამა თუ იმ ფეხბურთელის თამაშს საერთო ანალიზის მიხედვით უფრო ობიექტურად აფასებენ, ხოლო გამოცემები – უფრო ემოციურ ფონზე. გაიტანა გოლი, გმირია, ვერ გაიტანა – ანტიგმირი. ერთი სიტყვით, იმხელა სიმაღლეზე ასწია მან თამასა, რომ მოლოდინი მუდამ მაღალია და არც ერთი წარუმატებელი მოქმედება აღარ ეპატიება.
და ვთქვათ იმაზე, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ – სიძულვილზე. კრიტიკა და თანაც ობიექტური აუცილებელია, მაგრამ ჩასაფრება და სიხარული შენი თანამემამულის ჩაგდებული მატჩის გამო ცოტა გაუგებარია. ეს უკვე რაღაც პოლიტიკური შემადგენელი ნაწილია, რადგან კარგად ორგანიზებული, მცირერიცხოვანი, თუმცა ძალიან აქტიური ჯგუფი გამხნევების ნაცვლად ლანძღვასა და შეურაცხყოფაზე გადადის. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამ დონეზე ვერ იტანდე ადამიანს, რომელსაც შენთვის არაფერი დაუშავებია. ჩემი აზრით, ზოგიერთს ჰგონია, რომ კვარაცხელია რომელიმე პარტიის მხარდამჭერია, რაც აბსოლუტურად არასწორია. ერევიან მის პირად ცხოვრებაში: რატომ დაოჯახდა, რატომ აქვს წვერი, გრძელი თმა, რატომ მივიდა პატრიარქთან და ა.შ. ერთი ნახეთ, როგორ უდგანან ოსიმენს ნიგერიელები გვერდში და მერე ჩვენს დამოკიდებულებას შეადარეთ. რა თქმა უნდა, არავის გაფეტიშება არ შეიძლება, მაგრამ აგრესიული უმცირესობის ნეგატიური მოქმედება ყოველგვარ ზღვარს სცდება. კერპთაყვანისმცემლობა და ზიზღი – ეს ორი უკიდურესობაა, რომელიც დაგვჩემდა.
დასასრულ, არ შეიძლება მკითხველის ერთი ნაწილის თხოვნაზე არ გავამახვილოთ ყურადღება, როდესაც გვსაყვედურობენ, რომ სხვა ფეხბურთელებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ, რაც არასწორია, ვინაიდან ყველას თამაშს ვაანალიზებთ, ცნობებს ოპერატიულად გაწვდით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, სამწუხაროდ კი არა, საუბედუროდ, დასაწერიც არაფერია. აი, დღეს თითქმის ყველა ლეგიონერი სათადარიგო იყო. ოღონდ რამე სახეირო გააკეთონ და ინფორმაციის მოწოდებას როგორ დავახანებთ. კვარაცხელიას მიმართ კი ინტერესი გამორჩეულია და ბუნებრივია, რომ მასზე მეტი სტატიები იწერება. ღმერთმა ინებოს, სიტუაცია შეიცვალოს, სხვებმაც იასპარეზონ ტოპ-ლიგებში და საქართველოს ნაკრებს წარმატება მოუტანონ.
მიმომხილველი
სპეციალურად არ შემოვიხედე ამ საიტზე და როგორ აუყროლებიათ ყველაფერი ტროლებს. მეგონა ხვიჩას აცილებაზე იქნებოდა ერთი ამბავი და თურმე სად ხარ. პოლიტიკანებს შემოუსევია ტროლ ბოტობა. იიიი რუსული კანონი რომ დაგმო იყოს ახლა ისე ,მაგიტო ვერ იტანს გოლს ხოო?
რუსეთუმეებს საკუთარი იდეოლოგიის სპორტსმენი უნდოდათ და არ გამოუვიდათ. ცივი შხაპი გადაასხათ კვარამ როცა ევროპაში წავიდა, როცა თავისი და ქვეყნის მომავალი ევროპას დაუკავშირა, ამათ კი უნდოდათ მთელი ცხოვრება გროზნოს ახმატის და ვოლგოგრადის როტორის წინააღმდეგ ეთამაშა.
ხვიჩა, ს მომხრეები როცა გებრძვიან, ესე იგი ყველაფერს სწორად აკეთებ!
უპირობო მხარდაჭერა!❤️
საქართველოში ყოველთვის ასეთი ხალხი ცხოვრობდა. გულთან არ უნდა მიიტანო