7 დეკემბრის აქციებისას დაშავებული 14 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 14 ადამიანი.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის აქციის 10 მონაწილე, მედიასაშუალების 2 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია.
“ამასთან, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, თუმცა არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში, მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს. დაშავებულებს ტანისა და თავის არეში, აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე – ჩივილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა ნაწილმა, სამედიცინო დაწესებულებები, ექიმის რეკომენდაციით ან/და საკუთარი სურვილით დატოვა.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს”, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.