ესტონური გამოცემა „პოსტიმეესის“ ცნობით, რეგიონულ საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, პირეტ ჰარტმანი მიიჩნევს, რომ ლატვიასთან და ლიეტუვასთან ერთობლივი მუშაობა ესტონეთს, ევროკავშირში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, უკეთეს შანსს მისცემს.
ჰარტმანი ამბობს: „უკვე 20 წელია, ევროკავშირის წევრები ვართ, მაგრამ ჩვენთვის პირდაპირი სასოფლო-სამეურნეო გადახდები (კომპენსაციები) საშუალოზე დაბალია“.
„არადა, აქ წარმოების რესურსების ღირებულება ხშირად უფრო მაღალია, კლიმატური პირობები კი – რთული. ამიტომ, სამართლიანი კონკურენციის მისაღწევად, პირდაპირი გადახდები ყველა წევრი სახელმწიფოსთვის თანაბარი უნდა იყოს“, – აცხადებს ესტონელი მონისტრი.
ჰარტმანი სიტყვით გამოვიდა ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ბალტიის სამი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ფერმერებისთვის პირდაპირი გადახდების გათანაბრების (ევროკავშირის მასშტაბით) საკითხი განიხილეს.
სოფლის მეურნეობის დიდი სექტორის მქონე ევროკავშირის წევრი ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, საფრანგეთი და ესპანეთი, ევროკავშირის ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის (CAP) ფარგლებში, მნიშვნელოვნად მეტ სახსრებს იღებენ, ვიდრე უფრო ურბანული ქვეყნები, კერძოდ, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი, ვიდრე ეს უკანასკნელი ევროგაერთიანების წევრი იყო.
ევროკავშირის წევრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის ესტონეთისა და ლატვიისთვის, ისტორიულად, ნაკლები ანაზღაურება გამოიყოფა.
მაგალითად, 2013 წელს საბერძნეთისთვის ერთ ჰექტარზე გადახდებმა 527 ევრო შეადგინა, ლატვიისთვის კი – მხოლოდ 89 ევრო.
წყარო: 1 არხი