„ტიტუშკების“ ამოქმედება სუფთა რუსული სცენარია. ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა, ბოლო გაბრძოლება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ნიღბიანი პირების მიერ ჟურნალისტების ცემასა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში შევარდნას ეხმაურება.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტებზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ „დღეს ბიძინა ივანიშვილმა სცემა ჟურნალისტები“.
„რეჟიმი „ტიტუშკების” გამოყენებას იწყებს მაშინ, როდესაც პრობლემა აქვს პოლიციაში, სპეცრაზმში და უნდა, რომ სხვა ჯგუფები ჩართოს იმისათვის, რომ როგორმე ფსიქოლოგიურად გადატეხოს და შეაშინოს ვინმე პროტესტში მონაწილე.
ჩვენ ვხედავთ, რომ გუშინდელი დარბევის შემდეგ გაცილებით მეტი ადამიანი მოვიდა დღეს აქციაზე. ჩვენს ერთიანობას და გამძლეობას, ერთად დგომას მოაქვს გამარჯვება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, „ტიტუშკების” ჩართვა ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა და სუფთა რუსული სცენარი. ამიტომ ვამბობთ, რომ რუსები არიან, ამიტომ ვამბობთ, რომ რუსეთის მითითებებით მოქმედებენ და რუსი ინსტრუქტორები ჰყავს კობახიძეს და ივანიშვილს, რომელიც მათ ამას ეუბნება.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია არა კობახიძე, პაპუაშვილი, გომელაური, „ხარება”, არამედ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი. სანამ ამ ადამიანს ამ ქვეყნიდან არ მოვაშორებთ, ამ ქვეყანას გაერთიანება არ უწერია. ბიძინა ივანიშვილი არის სამოქალაქო დაპირისპირების წყარო, რუსული გავლენების წყარო, მთავარი დამაპირისპირებელი ფაქტორი. ყველამ მინდა გავიაზროთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა სცემა ჟურნალისტები. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ერთიანობით, ერთად დგომით და პროტესტით, რომელიც არ უნდა გაჩერდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.