მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეზე აპელირებდა. პროკურორები დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე მიუთითებდნენ, რის გამოც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდნენ.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ყველა მათგანი ასაბუთებდა, რომ დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.
ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით გირაოს განსაზღვრას თავად სთავაზობდნენ.
სასამართლოს როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე შენობაში იმყოფებიან თეატრის, კინოს მსახიობები, იუმორისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სხდომაში მყოფების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. “სირცხვილია”, “მონებო” – ამ შეძახილებით შეხვდნენ ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია