ფილმი ეშმაკი ატარებს პრადას ვერასოდეს გახდებოდა ლეგენდარული ეკრანიზაცია, რომ არა მერილ სტრიპი და მის მიერ განსახიერებული მირანდა პრისტლი. რთულია, ამ როლზე სხვა მსახიობი წარმოვიდგინოთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფილმის შემქმნელები მერილის შერჩევას სულაც არ გეგმავდნენ.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ეკრანიზაციის პროდიუსერმა, ვენდი ფინერმანმა, აღნიშნა, რომ ფილმის შემქნელები სტრიპს როლისთვის ზედმეტად სერიოზულად თვლიდნენ და ფიქრობდნენ, რომ პროექტს სახალისოდ და იუმორისტულად ვერ აქცევდა.
ფინერმანის თქმით, ამასთან დაკავშირებით ურეკავდნენ კიდეც და ეუბნებოდნენ, რომ გიჟი იქნებოდა, თუ როლზე მერილს დაამტკიცებდა. პროდიუსერი ამბობს, რომ საზოგადოება მსახიობს უფრო მეტად დრამატული როლებით იცნობდა და მისი მსუბუქ კომედიაში წარმოდგენა უჭირდათ. პროდიუსერი ამატებს, რომ მისთვის სტრიპთან მუშაობას ეს ფაქტი კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა — არ იცოდა, რა მოლოდინები უნდა ჰქონოდა მისგან.
2006 წელს გადაღებულ ლეგენდარულ ფილმში, რომელიც ლორენ ვაისბერგერის ამავე სახელწოდების წიგნის ადაპტაციაა, სტრიპი ჟურნალ Runway-ის რედაქტორის, მირანდა პრისტლის როლს ირგებს. როლმა მერილს ოსკარის ნომინაცია და ოქროს გლობუსის ჯილდო მოუტანა, რითაც დამტკიცდა, რომ შემქმნელები მირანდა პრისტლისთვის უკეთეს მსახიობს ვერ შეარჩევდნენ.
ცოტა ხნის წინ Variety-სთან ინტერვიუში ენ ჰეთუეიმ და ემილი ბლანტმა ფილმის გადაღების პროცესი გაიხსენეს. ჰეთუეიმ ეკრანიზაციაში ახალგაზრდა ჟურნალისტისა და ასისტენტის, ენდი საქსის როლი შეასრულა, ბლანტმა კი სტრიპის უფროსი ასისტენტის როლი მოირგო. ემილი ამბობს, რომ ამ როლმა მისი ცხოვრება შეცვალა.