4 ოპოზიციური კოალიცია: ვმუშაობთ, შევქმნათ ძალადობის ჩამდენებისა და დაზარალებულების რეესტრი

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ს თქმით, საპროტესტო აქციების დროს სპეც.რაზმელების ძალადობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის “შეიქმნას რეესტრი, რომელშიც იქნება თითოეული დაზარალებული და თითოეული მოძალადე დეტალურად დოკუმენტირებული ყველა მტკიცებულების აღწერით”. მან ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების საერთო ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჩვენ ვმუშაობთ და კიდევ უფრო ინტენსიურად გადავდგამთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ შეიქმნას რეესტრი, რომელშიც იქნება თითოეული დაზარალებული და თითოეული მოძალადე დეტალურად დოკუმენტირებული ყველა მტკიცებულების აღწერით. მასალებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დადგეს თითოეული მოძალადის საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ისინი ვერ გაექცევიან.
არ დავტოვებთ არც ერთ საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოსაც, სადაც არ წავიღებთ დაზარალებულების სახელით საქმეებს იმისათვის, რომ თითოეულმა მოძალადემ უმკაცრესად აგოს პასუხი”, – თქვა ნაცვლიშვილმა.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ აღნიშნული რეესტრის შინაარსზე ისაუბრა.
“ეს გულისხმობს არა მხოლოდ დაზარალებულთა რეესტრს, თუ რა სახის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, არამედ იმ პირების რეესტრს, ვინც ეს ჩაიდინა”, – თქვა თენგო თევზაძემ.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ სანამ ამ ყველაფერს დოკუმენტური სახე მიეცემა, საერთაშორისო საზოგადოებას 3 კომპონენტზე ყურადღების გამახვილებას სთავაზობს.
კორძაიას ცნობით, ამ კომპონენტებში მედიის, მოქალაქეების დაკავების შემდეგ ძალადობისა და ოფისების ჩხრეკის ფაქტები შედის.
“1. ჟურნალისტები, რომელთა მიმართ განზრახული დევნა ხორციელდება. დაუცველნი არიან ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ოპერატორები და ეს არის განრაზ ქმედება, რადგან ხელისუფლებას არ სურს, არსებობდეს რეალური მტკიცებულებები, მათი სისატიკის აღსაწერად.
2. ის სისასტიკე, რასაც ისინი ჩადიან მოქალაქეების წინააღმდეგ, ე.წ. ბუფერულ ზონასი, მათ აკავებენ და შემდეგ სცემენ. უბრალოდ, ისინი არ იძლევიან შესაძლებლობას ობიექტურმა თვალმა დაინახოს ის სისასტიკე. შემდეგ ჩვენი ბიუჯეტიდან იღებენ ფულს ადამიანების ცემისთვის და მერე ამ ნაცემ ადამიანებს, ასევე ჩვენი ფულით, თითქოს მკურნალობენ, თითქოს კეთილები არიან. ადამიანებს ურტყამენ სპეც.რაზმელები მათ მიერ მოყვანილ მანქანებში და ეს გამოსაძიებელია.
3. ის ჩხრეკა-ამოღებები, რაც ხორციელდება პოლიტიკური პარტიების ოფისებში და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მოძრაობების ოფისებში. არც ერთ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი თავის დროზე დადგენილება ან სასამართლოს განჩინება. ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ოფისში ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი დადგენილება. არ უშვებენ უფლებამოსილ პირებსაც”, – თქვა თამარ კორძაიამ.
გახარია საქართველოს წარმოამდგენელმა ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მე-9 მუხლის დარღვა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება დაუშვებელია.
“ვხედავთ, რომ ირღვევა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, რომელიც ცალსახად კრძალავს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ჩვენ ცალსახად მივუთითებთ იმაზე, რომ ეს ქმედებები, რომელიც ხორციელდება ივანიშვილის წახალისებით, არ დარჩება დაუსჯელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ ნაწილში ჩვენი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული და მოხდეს დამნაშავეების პასუხისმგებლობა”, – განაცხადა თავაძემ.