ბუნების დამცველთა მოძრაობა Extinction Rebellion-ის (ამბოხება მოსპობის წინააღმდეგ) აქტივისტებმა იტალიის ქალაქ ვენეციის არხებში წყალი მწვანედ შეღებეს.
მსგავსი აქცია მოეწყო იტალიის სხვა ქალაქებში, რომში, მილანსა და ტურინში.
ეს არის აქტივისტების პროტესტი დუბაიში მიმდინარე კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის – COP28-ის წინააღმდეგ. Extinction Rebellion-ის წევრები თვლიან, რომ შეთანხმებები, რომლებზეც დუბაიში მსჯელობენ, არასაკმარისია და თვით კონფერენცია კორუმპირებულია.
აქციის მონაწილეებმა წყალში ჩაუშვეს სამრეწველო საღებავი, რომელიც მათი თქმით, არ არის გარემოსთვის მავნე. მათვე რიალტოს ხიდზე გადმოკიდეს პლაკატი წარწერით: “სანამ COP28-ზე მთავრობები თანხმდებიან, ჩვენ ბეწვზე ვკიდივართ“. ინციდენტის გამო შეჩერდა წყლის ტრანსპორტის მოძრაობა ვენეციის დიდი არხზე.
ქალაქის მერმა, ლუიჯი ბრუნიარომ დაგმო აქცია და მისი ავტორებს „ეკოვანდალები და არა ეკოაქტივისტები“ უწოდა.
Extinction Rebellion-ი დედამიწაზე ჰავის დაცვას ცდილობს, რისთვისაც, მათი აზრით, საჭიროა, წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა და ატმოსფეროში „სასათბურე გაზების“ გამოყოფის შემცირება.
COP28 მიმდინარეობს დუბაიში გაეროს ეგიდით 30-დან 12 დეკემბრამდე. მასში მონაწილეობენ 134 ქვეყნის წარმომადგენლები.
Extinction Rebellion-ის მიმდევრები სამიტს კორუმპირებულობაში სდებენ ბრალს, რადგან მისი ბევრი მონაწილე, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები, წიაღისეული ენერგომატარებლების მოპოვებით დიდი მოგებას ნახულობენ და არ არიან დაინტერესებული სრული უარი თქვან მასზე.